ჰეპა-მერცი - Hepa-Merz 5გ 30 პაკეტი
ჩვენება: გამოიყენება იმ მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით.
ჰეპა-მერცი® გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად
L-ორნითინ-L-ასპარტატი
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;
· დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
· აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის;
· თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ჰეპა-მერცი® გრანულები და მათი გამოყენება
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰეპა-მერცი® გრანულების მიღებამდე
3. ჰეპა-მერცი® გრანულების მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ჰეპა-მერცი® გრანულების შენახვის წესი
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ჰეპა-მერცი® გრანულები და მათი გამოყენება
ჰეპა-მერცი® გრანულები გამოიყენება იმ მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით (როგორიცაა მაგ.: ღვიძლის ციროზი) (შესაძლო სიმპტომებია: გონების დაბინდვა; ცნობიერების ცვლილება და კომა (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია)).
ჰეპა-მერცი® გრანულები ხელს უწყობენ ღვიძლიდან ამიაკის გამოდევნას შარდოვანას სინთეზის გაძლიერების გზით. ასევე ხელს უწყობენ ამიაკის გამოდევნას ღვიძლის გარეთ არსებული სხვა ქსოვილებიდან.
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰეპა-მერცი® გრანულების მიღებამდე
ჰეპა-მერცი® გრანულები არ გამოიყენება:
- თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) L-ორნითინ-L-ასპარტატის, ნარინჯისფერ-ყვითელის FჩF (E110) ან ჰეპა-მერცი® გრანულების რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
- თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (თირკმლის უკმარისობა).
სიფრთხილეა საჭირო ჰეპა-მერცი® გრანულების მიღებისას
დღესდღეობით არ არის მონაცემები პროდუქტის ბავშვებში გამოყენების შესახებ.
სხვა მედიკამენტების მიღებისას
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ჰეპა-მერცი® გრანულების უსაფრთხოება ფეხმძიმობის დროს დადგენილი არ არის. ჰეპა-მერცი® გრანულების მიღება ფეხმძიმობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
არ არის ცნობილი აღწევს თუ არა დედის რძეში ჰეპა-მერცი® გრანულების აქტიური ნივთიერება, ამიტომ მათი გამოყენება ძუძუთი კვების დროს უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
არსებული დაავადების გამო ჰეპა-მერცის® გრანულებმა შეიძლება გავლენა იქონიონ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ავტომობილის მართვის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰეპა-მერცი® გრანულების ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ფრუქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ჰეპა-მერცი® გრანულების თითოეული საშეტი შეიცავს 1.13 გ ფრუქტოზას (შეესაბამება 0,11 პურის ერთეულს). აღნიშნული ინფორმაცია გათვალისწინებული უნდა იქნას შაქრიანი დიაბეტის მქონე პირების მიერ.
ჰეპა-მერცი® გრანულები შეიცავს საღებავს, ნარინჯისფერ-ყვითელს FCF (E110), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ჰეპა-მერცი® გრანულებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კბილის დაზიანება (კარიესი).
3. ჰეპა-მერცი® გრანულების მიღების წესი
ჰეპა-მერცი® გრანულების მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ არ არსებობს ექიმის მიერ მოცემული სხვა დანიშნულება, ჩვეულებრივი დოზაა:
ჰეპა-მერცი® გრანულების 1-2 პაკეტის გახსნილი შემცველობა 3-ჯერ დღეში.
მიღების მეთოდი:
ჰეპა-მერცი® გრანულები მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ და უნდა გაიხსნას საკმარისი რაოდენობის წყალში (მაგ. ჭიქა წყალი, ჩაი ან ხილის წვენი)
ჰეპა-მერცი® გრანულების დოზის გადაჭარბებისას
დღესდღეობით, L-ორნითინი-L-ასპარტატის დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ინტოქსიკაციის სიმპტომები არ არის აღწერილი.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალი ექიმი დანიშნავს სიმპტომურ მკურნალობას.
ჰეპა-მერცი® გრანულების დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მომდევნო დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად ჰეპა-მერცის® გრანულებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენები მათი განვითარების სიხშირის მიხედვით კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი | შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტი პაციენტში |
ხშირი | შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტი პაციენტში |
არახშირი | შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1.000-დან 1-ზე მეტი პაციენტში |
იშვიათი | შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტი პაციენტში |
ძალიან იშვიათია | შეიძლება განვითარდეს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში |
სიხშირე უცნობია | სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე |
არახშირი: გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, მეტეორიზმი და დიარეა.
იშვიათი: ტკივილი კიდურებში.
გვერდითი ეფექტები ძირითადად არის გარდამავალი ხასიათის და არ საჭიროებენ წამლის მიღების შეწყვეტას.
ჰეპა-მერცი® გრანულები შეიცავს საღებავს - ნარინჯისფერ-ყვითელს FCF (E110) - რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
5. ჰეპა-მერცი® გრანულების შენახვის წესი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ინახება არაუმეტეს 25°C-ზე.
დაუშვებელია ჰეპა-მერცი® გრანულების გამოყენება კოლოფსა და საშეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომების გატარება ემსახურება გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
ჰეპა-მერცი® გრანულები შეიცავს:
აქტიური ნივთიერებაა L-ორნითინ L-ასპარტატი.
1 საშეტი 5 გ გრანულებით შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელად შეიცავს 3 გ L-ორნითინ-L-ასპარტატს.
დამხმარე ნივთიერებებია: უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციკლამატი, ფრუქტოზა, პოვიდონი, ლიმონის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, ნარინჯისფერ-ყვითელი FCF (E110).
ჰეპა-მერცი® გრანულების ფორმა და შეფუთვა
თეთრი და ნარინჯისფერი გრანულები ფორთოხლის არომატით.
ჰეპა-მერცი® გრანულები მოწოდებულია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 30 საშეტს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ასევე, იხილეთ :Hepa-Merz - ჰეპა მერცი 5გ 1 პაკეტი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account