Levomycetin - ლევომიცეტინი 0.5გ 10 ტაბლეტი

3,24 GEL
მარაგშია
SKU
78042_78

ჩვენება: პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: მუცლის ტიფი, ქლამიდიოზი, ჩირქოვანი პერიტონიტი, ბაქტერიული მენინგიტი, სანაღვლე გზების ინფექციები. 

ლევომიცეტინი

(LEVOMYCETIN) 

შემადგენლობა: 

მოქმედი ნივთიერება: chloramphenicol; 

1 ტაბლეტი შეიცავს  250 მგ ან 500 მგ ქლორამფენიკოლს (ლევომიცეტინს)  100%-იან ნივთიერებაზე გაანგარიშებით;   

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, სტეარინის მჟავა. 

სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები. 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:  მრგვალი ფორმის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, თეთრი, თითქმის თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერით, ნაზოლით და ჭდით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. 

ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. ამფენიკოლები.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა. 

ლევომიცეტინი - მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი. მოქმედება დაკავშირებულია ცილის სინთეზის პროცესის დარღვევასთან მიკრობულ უჯრედში tRNA ამინომჟავების რიბოსომებში გადატანის ეტაპზე. ეფექტურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Shigella flexneri spp., Shigella boydii spp., Shigella sonnei spp., Salmonella spp. (მათ შორის Salmonella typhi), მოქმედებს Streptococcus spp.-ზე (მათ შორის Streptococcus pneumoniae-ზე), Neisseria gonorrhoeae-ზე, Neisseria meningitidis-ზე, Proteus spp., Pseudomonas aeruginosa ზოგიერთ შტამებზე; აქტიურია Ricketsia spp., Treponema spp., Chlamydia spp. (მათ შორის Chlamydia trachomatis), ჩირქოვანი ინფექციების, მუცლის ტიფის, დიზენტერიის, მენინგოკოკური ინფექციის, ბრუცელას, რიკეტსიის, ქლამიდიის, სპიროქეტების გამომწვევების მიმართ. არ მოქმედებს Mycobacterium tuberculosis-ზე, პათოგენურ უმარტივესებსა და სოკოებზე. აქტიურია პენიცილინების, ტეტრაციკლინების, სულფონამიდების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების შტამების მიმართ. მიკრობული მდგრადობა ნელა ვითარდება. პრეპარატი ნაკლებად აქტიურია მჟავა მდგრადი ბაქტერიების,  ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირის,  კლოსტრიდიებისა და უმარტივესების მიმართ.

მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედებში ცილის სინთეზის დათრგუნვით. თერაპიულ კონცენტრაციებში ახდენს  ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას. მიკროორგანიზმების მდგრადობა პრეპარატის მიმართ ნელა ვითარდება და, როგორც წესი, ამასტან არ აღინიშნება  ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ. მაღალი ტოქსიკურობის გამო, ლევომიცეტინი გამოიყენება მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომლის დროსაც ნაკლებად ტოქსიკური ანტიბაქტერიული საშუალებები არაეფექტურია ან უკუნაჩვენებია. 

ფარმაკოკინეტიკა.

კარგად და სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ: სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-3 საათის შემდეგ, თერაპიული კონცენტრაცია სისხლში შენარჩუნებულია გამოყენების შემდეგ 4-5 საათის განმავლობაში. აღწევს ორგანოებში, ქსოვილებსა და სხეულის სითხეებში, აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, კარგად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში (სისხლში შემცველობის 50%-მდე). პრეპარატი აღწევს პლაცენტაში, აღინიშნება დედის რძეში. პრეპარატის თერაპიული კონცენტრაციები პერორალურად მიღებისას ვლინდება მინისებრ სხეულში, რქოვანაში, ირისში, თვალის წყალწყალა ნამში (პრეპარატი არ აღწევს ბროლში). გამოიყოფა ძირითადად შარდით (ძირითადად არააქტიური მეტაბოლიტების სახით), ნაწილობრივ - ნაღველით და განავლით. ნაწლავში, ნაწლავის ბაქტერიების მოქმედებით, იგი ჰიდროლიზდება არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.

კლინიკური მახასიათებლები. 

ჩვენებები. 

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: მუცლის ტიფი, პარატიფები, იერსინიოზი, ბრუცელოზი, შიგელოზი, სალმონელეზი, ტულარემია, რიკეტციოზი, ქლამიდიოზი, ჩირქოვანი პერიტონიტი, ბაქტერიული მენინგიტი, სანაღვლე გზების ინფექციები. 

პრეპარატი ნაჩვენებია სხვა ანტიმიკრობული საშუალებების არაეფექტურობის შემთხვევაში, გამოხატული გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა ქლორამფენიკოლის, სხვა ამფენიკოლების და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ჰემატოპოეზის დათრგუნვა, სისხლის დაავადებები; კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი ინფექციები); ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე დარღვევები; ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; პორფირია. 

ლევომიცეტინი არ უნდა დაინიშნოს მწვავე რესპირატორული დაავადებების, ტონზილიტის, აგრეთვე ბაქტერიული ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

ლევომიცეტინის ხანგრძლივმა გამოყენებამ, რომელიც წარმოადგენს ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორს, წინასაოპერაციო პერიოდში ან ოპერაციის დროს შეიძლება შეამციროს კლირენსი და გაზარდოს ალფეტანილის მოქმედების ხანგრძლივობა.

ქლორამფენიკოლი აინჰიბირებს ციტოქრომ P450 ფერმენტულ სისტემას, ამიტომ ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან (ფენობარბიტალთან, ფენიტოინთან), არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან (დიკუმარინთან, ვარფარინთან) ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება ამ პრეპარატების მეტაბოლიზმის შესუსტება,  გამოყოფის შენელება, სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის ზრდა და მათი ტოქსიკურობის გაზრდა. 

ლევომიცეტინის ტოლბუტამიდთან (ბუტამიდთან) და ქლორპროპამიდთან ერთდროული გამოყენებისას მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება გაიზარდოს (ღვიძლში მეტაბოლიზმის დათრგუნვისა და მათი კონცენტრაციის გაზრდის გამო), რაც მოითხოვს დოზის კორექციას.

ფენობარბიტალი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი ამცირებენ ქლორამფენიკოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის დაჩქარებით.

პარაცეტამოლთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ქლორამფენიკოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა.

ფენიტოინი. ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს სისხლის პლაზმაში ქლორამფენიკოლის კონცენტრაციის როგორც დაქვეითება, ასევე ზრდა.

ციკლოსპორინი. ქლორამფენიკოლთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ციკლოსპორინის დონის მატება სისხლის პლაზმაში, აუცილებელია ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგის ჩატარება.

ციკლოფოსფამიდი. ერთდროული გამოყენება ახანგრძლივებს ციკლოფოსფამიდის ნახევარგამოყოფის პერიოდს 7,5-დან 11,5 საათამდე.

ტაკროლიმუსი. ქლორამფენიკოლთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ტაკროლიმუსის დონის მომატება სისხლის პლაზმაში. ერთდროული გამოყენებისას ტაკროლიმუსის დოზა უნდა დარეგულირდეს.

ლევომიცეტინი ამცირებს პენიცილინების და ცეფალოსპორინების ანტიბაქტერიულ ეფექტს.

მაკროლიდები (ერითრომიცინი, ოლეანდომიცინი, კლინდამიცინი), ლინკოზამიდები (ლინკომიცინი), პოლიენის ანტიბიოტიკები (ნისტატინი, ლევორინი). ამ პრეპარატებთან ქლორამფენიკოლის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ანტიმიკრობული მოქმედების ურთიერთდაქვეითება იმის გამო, რომ ქლორამფენიკოლს შეუძლია გამოდევნოს ეს პრეპარატები შეკავშირებული მდგომარეობიდან ან ხელი შეუშალოს მათ შეკავშირებას ბაქტერიული რიბოსომების 50S სუბერთეულთან. ამიტომ, მათი ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ციკლოსერინი. ერთდროული გამოყენება აძლიერებს ქლორამფენიკოლის ნეიროტოქსიკურობას.

სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც თრგუნავენ ჰემატოპოეზს (სულფონამიდები, ციტოსტატიკები, ციმეტიდინი, რისტომიცინი) ან სხივურ თერაპიას, ქლორამფენიკოლთან ერთად გამოყენებისას, შეუძლიათ გაზარდონ მათი დამთრგუნველი მოქმედება ძვლის ტვინზე და მისი გამოვლინების სიმძიმე.

ვიტამინ B12-თან, რკინის პრეპარატებთან, ფოლიუმის მჟავასთან  ერთდროული გამოყენებისას ლევომიცეტინმა შეიძლება ხელი შეუშალოს B12 ვიტამინით ჰემატოპოეზის სტიმულაციას, ამ პრეპარატების ეფექტურობის შემცირებით. 

ლევომიცეტინისა და ესტროგენის შემცველი ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრაცეფციის სანდოობის დაქვეითება და მასიური სისხლდენის სიხშირის გაზრდა.

ეთანოლი. ეთანოლის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დისულფირამის მსგავსი რეაქცია (კანის საფარის ჰიპერემია, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება, რეფლექტორური ხველა, კრუნჩხვები).

გამოყენების თავისებურებანი.

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატის ტოქსიკური მოქმედების შედეგად ჰემატოპოეტური ორგანოების მძიმე დაზიანების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით, მკურნალობის პროცესში უნდა მოხდეს პერიფერიული სისხლის შემადგენლობის მონიტორინგი, ასევე დაკვირვება ღვიძლისა და თირკმელების მდგომარეობაზე.

ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის, ანემიის ან სისხლში სხვა პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენისას ლევომიცეტინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ქლორამფენიკოლით მკურნალობის დროს პერიფერიული სისხლის შემადგენლობის მუდმივმა მონიტორინგმა შეიძლება გამოავლინოს ადრეული ცვლილებები სისხლის სისტემაში (ლეიკოპენია, რეტიკულოციტოპენია ან გრანულოციტოპენია), სანამ ისინი შეუქცევადი გახდებიან, ეს არ გამორიცხავს აპლასტიკური ანემიის შესაძლებლობას ძვლის ტვინის დეპრესიის განვითარებით. აპლასტიკური ანემია, თრომბოციტოპენია და გრანულოციტოპენია ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასრულების შემდეგ. ამიტომ სიმპტომები, როგორიცაა კანის სიფერმკრთალე, ყელის ტკივილი და სხეულის მომატებული ტემპერატურა, სისხლდენა, სისუსტე (თუ ისინი ვლინდება პრეპარატის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში) საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.

ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შესაძლებელია სისხლის შრატში ლევომიცეტინის დონის მატება და ამ პრეპარატზე ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ამიტომ დოზირება შესაბამისად უნდა დარეგულირდეს. მიზანშეწონილია პერიოდულად მოხდეს  სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის განსაზღვრა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის შემოწმებით. 

კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა განსხვავებები ლევომიცეტინით მკურნალობაზე პასუხებში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებს შორის. თუმცა, თირკმელების, ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ასაკთან დაკავშირებული თავისებურებების გათვალისწინებით, თანმხლები დაავადებების არსებობის, სხვა პრეპარატების გამოყენების გათვალისწინებით, საჭიროა ფრთხილად განისაზღვროს პრეპარატის დოზა ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის, დაწყებული, როგორც წესი, დოზირების დიაპაზონის ქვედა ზღვრიდან. 

ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა იწვევს მსხვილი ნაწლავის ნორმალური ფლორის დარღვევას და შეიძლება გამოიწვიოს Clostridium difficile-ის გადაჭარბებული ზრდა, რომლის ტოქსინები წარმოადგენენ ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების მთავარ მიზეზს. ფსევდომემბრანული კოლიტი შეიძლება განვითარდეს როგორც უშუალოდ პრეპარატის მიღებისას, ასევე ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში. მსუბუქიდან სიცოცხლისათვის საშიში ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევების განვითარების შესახებ იყო შეტყობინებები თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისას, ქლორამფენიკოლის ჩათვლით. ამიტომ მნიშვნელოვანია დიარეის მქონე პაციენტებში დიაგნოზის დაზუსტება ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღების შემდეგ. 

საჭირო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ტოქსიკური მეგაკოლონი, პერიტონიტი და შოკი. გასათვალისწინებელია, რომ კოლიტის განვითარება დიდი ალბათობით ხდება ხანდაზმული ასაკის პირებში მძიმე დაავადებების დროს, ასევე დასუსტებულ პაციენტებში.

ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, კერძოდ სოკოების, ჭარბი ზრდა. თუ მკურნალობის პროცესში ვითარდება არამგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები, უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები. 

პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სისხლის სურათის მონიტორინგის ჩატარება. მონაცემები სისხლის ელემენტებზე რაიმე მავნე ზემოქმედების შესახებ მიუთითებს პრეპარატით თერაპიის დაუყონებლივ შეწყვეტაზე.

პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ციტოსტატიკური საშუალებებით ან იყენებდნენ სხივურ თერაპიას, უნდა შეფასდეს ლევომიცეტინით მკურნალობის პოტენციური რისკები და მოსალოდნელი სარგებელი, მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

ქლორამფენიკოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ინფექციების მსუბუქი ფორმების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკის მიზნით,  ასევე ნებისმიერი ინფექციების დროს, რომლის სამკურნალოდ ნაკლებად ტოქსიკური ანტიბიოტიკებია ხელმისაწვდომი. ასევე უნდა მოერიდოთ განმეორებით კურსებს და მკურნალობის გახანგრძლივებას.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილების დროს.

ეთანოლის ერთდროული გამოყენება იწვევს დისულფირამის მსგავსი რეაქციის განვითარებას (კანის ჰიპერემია, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება, რეფლექსური ხველა, კრუნჩხვები).

ქლორამფენიკოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს იმუნური პასუხის განვითარებაზე, ის არ უნდა დაინიშნოს აქტიური იმუნიზაციის ჩატარების დროს.

მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს იმაზე მეტ ხანს, ვიდრე საჭიროა დადებითი შედეგების მისაღებად გართულებების ან დაავადების რეციდივის განვითარების  რისკის გარეშე.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ლევომიცეტინის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედების უნარი რეაქციის სიჩქარეზე სატრანსპორტო საშუალებების  ან სხვა მექანიზმების მართვისას. 

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული პირების მიერ, რომლებიც  მართავენ სატრანსპორტო საშუალებს ან მუშაობენ სხვა მექანიზმებთან, ნერვული სისტემის მხრივ შესაძლო გვერდითი რეაქციების განვითარების რისკთან დაკავშირებით.  

გამოყენების წესი და დოზირება. 

ლევომიცეტინი უნდა დაინიშნოს შიგნით ჭამამდე 30 წუთით ადრე (გულისრევისა და ღებინების შემთხვევაში - ჭამიდან ერთი საათის შემდეგ).

მოზრდილებში ინიშნება 250-500 მგ 3-4-ჯერ დღეში; დღიური დოზა - 2 გ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში (მუცლის ტიფი და ა.შ.) ინიშნება ლევომიცეტინი დოზით 4 გ-მდე დღეში (მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილებში) სისხლის მდგომარეობისა და ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების მკაცრი კონტროლით; დღიური დოზა იყოფა 3-4 მიღებაზე.

პრეპარატის ერთჯერადი დოზა 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 125 მგ, 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 250 მგ; მიღების ჯერადობა - 3-4-ჯერ დღეში.

ლევომიცეტინით მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. ჩვენებების მიხედვით, კარგი ამტანობის პირობით და პერიფერიული სისხლის შემადგენლობის ცვლილების არარსებობისას, შესაძლებელია მკურნალობის კურსის გახანგრძლივება 2 კვირამდე.

ბავშვები.

ლევომიცეტინის ეს სამკურნალო ფორმა არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ ლევომიცეტინი უნდა დაინიშნოს განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ ალტერნატიული თერაპიის არარსებობის შემთხვევაში.

ჭარბი დოზირება. 

სისხლმბადი სისტემის მხრივ მძიმე გართულებები, როგორც წესი, დაკავშირებულია დიდი დოზების ხანგრძლივ გამოყენებასთან (დღეში 3 გ-ზე მეტი) - ფერმკრთალი კანი, ყელის ტკივილი და სხეულის მომატებული ტემპერატურა, სისხლდენა და სისხლჩაქცევები, დაღლილობა ან სისუსტე.

ჭარბი დოზირების სიმპტომია „ნაცრისფერი სინდრომი“ (კარდიოვასკულარული  სინდრომი მცირეწლოვან ბავშვებში), შედარებითი ჭარბი დოზირების დროს (განვითარების მიზეზი არის ლევომიცეტინის დაგროვება, რაც გამოწვეულია ღვიძლის ფერმენტების მოუმწიფებლობით და მისი პირდაპირი ტოქსიკური მოქმედებით მიოკარდიუმზე) - კანის მოლურჯო-მონაცისფრო ფერი, სხეულის დაბალი ტემპერატურა, მუცლის შებერილობა, ღებინება, არარითმული სუნთქვა, ნერვული რეაქციების დაქვეითება, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, ცირკულატორული კოლაფსი, აციდოზი, მიოკარდიუმის გამტარობის დათრგუნვა, კომა და სიკვდილი. „ნაცრისფერი სინდრომი“ შეიძლება ასევე შეინიშნოს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და ეს არის პრეპარატის კუმულაციის შედეგი. „ნაცრისფერი სინდრომი“ ვლინდება, როდესაც ქლორამფენიკოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 50 მკგ/მლ-ზე მეტია.

მკურნალობა. კუჭის ამორეცხვა, მარილიანი საფაღარათო საშუალებების გამოყენება, გააქტიურებული ნახშირი, მაღალი გამწმენდი ოყნა. მძიმე შემთხვევებში - სიმპტომატური თერაპია, ჰემოსორბცია.

გვერდითი რეაქციები.

ყველაზე მძიმე გვერდითი რეაქციებია: აპლასტიკური ანემია, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა და „ნაცრისფერი სინდრომი“.

შესაძლებელია გვერდითი რეაქციები შემდეგი ორგანოებისა და სისტემების მრივ.

ნევროლოგიური დარღვევები: ფსიქომოტორული დარღვევები, დეპრესია, დელირიუმი, ცნობიერების არევა, პერიფერიული ნევრიტი, მხედველობითი ნერვის ნევრიტი (თვალის კაკლების დამბლას ჩათვლით), მხედველობითი და სმენის ჰალუცინაციები, მხედველობის სიმახვილის და სმენის დაქვეითება, გემოვნების დარღვევა, თავის ტკივილი, ენცეფალოპათია. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, მუცლის შებერილობა, გულისრევა, ღებინება (რისი განვითარების ალბათობა მცირდება ჭამიდან 1 საათის შემდეგ მიღებისას), დიარეა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ყელის გაღიზიანება, დერმატიტი (პერიანალური დერმატიტის ჩათვლით), ნაწლავის მიკროფლორის დათრგუნვა, დისბაქტერიოზი, ენტეროკოლიტი, სტომატიტი, გლოსიტი. 

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ძვლის ტვინის დათრგუნვა, რეტიკულოციტოპენია, სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია, პანციტოპენია; იშვიათად - აპლასტიკური ანემია, ჰიპოპლასტიკური ანემია, აგრანულოციტოზი, ადრეული ერითროციტარული ფორმების ციტოპლაზმური ვაკუოლიზაცია.

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის დერმატოზები, ქავილი, გამონაყარი კანზე, ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსია.

სხვა: შესაძლოა სუპერინფექციის  განვითარება, მათ შორის სოკოვანის, ჰიპერთერმია, ბაქტერიოლიზის რეაქცია (იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია), კოლაფსი (ბავშვებში).

ვარგისიანობის ვადა.  5 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.  

შეფუთვა.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

გაცემის კატეგორია: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy