Efridol - ეფრიდოლი გრანულები 100მგ 30 საშეტი
ჩვენება:გამოიყენება მწვავე ტკივილისა და მენსტრუალური ტკივილის სამკურნალოდ.
ეფრიდოლი 100 მგ გრანულები ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
ნიმესულიდი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
- საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
- დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
- მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გაუარესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ეფრიდოლი და მისი გამოყენება;
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეფრიდოლის მიღებამდე;
3. ეფრიდოლის მიღების წესი;
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. ეფრიდოლის შენახვის წესი;
6. დამატებითი ინფორმაცია.
1. რას წარმოადგენს ეფრიდოლი და მისი გამოყენება
ეფრიდოლი არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატია (ასაპ) ანალგეზიური თვისებებით. ის გამოიყენება მწვავე ტკივილისა და მენსტრუალური ტკივილის სამკურნალოდ.
ეფრიდოლის დანიშვნამდე, ექიმი შეაფასებს მედიკამენტის შესაძლო სარგებელს მისი გვერდითი მოვლენების რისკთან შედარებით.
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეფრიდოლის მიღებამდე
დაუშვებელია ეფრიდოლის მიღება, თუ:
· პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა (ალერგიულია) ნიმესულიდის ან ეფრიდოლის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში ინსტრუქციის ბოლოს);
· პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ასპირინის ან სხვა ასაპ-ის მიღების შემდეგ:
- ხმაურიანი სუნთქვა, მოჭერის შეგრძნება მკერდში, ქოშინი (ასთმა);
- ცხვირის გაჭედილობა ცხვირის ლორწოვანი გარსის შიგნით ჭარბად ზრდის გამო (ცხვირის პოლიპები);
- გამონაყარი/ქავილი (ჭინჭრის ციება)
- კანის ან ლორწოვანი გარსების უეცარი შეშუპება, როგორიცაა თვალების ირგვლივ, სახის, ტუჩების, პირის ან ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება).
· პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა ისეთი რეაქციები ასაპ-ის მიღების შემდეგ, როგორიცაა:
- კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა;
- კუჭის ან ნაწლავების წყლულები (პერფორაცია).
· პაციენტს ახლო წარსულში ჰქონდა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან სისხლდენა ან ეს აღენიშნებოდა წარსულში (წყლულის ან სისხლდენის არაუმცირეს ორი ეპიზოდი);
· პაციენტს გადატანილი აქვს თავის ტვინში სისხლჩაქცევა (ინსულტი);
· პაციენტს აღენიშნება სისხლდენის სხვა პრობლემა ან პრობლემები სისხლის შედედების პათოლოგიის გამო;
· პაციენტს აღენიშნება ღვიძლის უკმარისობა;
· პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც დადგენილი ეფექტი აქვთ ღვიძლზე. მაგ.: პარაცეტამოლი ან სხვა ანალგეზური საშუალებები ან ასაპ;
· პაციენტი იღებს ნარკოტიკებს ან დამოკიდებულია ნარკოტიკებზე ან სხვა ნივთიერებებზე;
· პაციენტი ჭარბად იღებს ალკოჰოლს;
· პაციენტს ანამნეზში აღენიშნება რეაქცია ნიმესულიდის მიმართ, რომელმაც გავლენა იქონია ღვიძლზე;
· პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა, რომელიც არ საჭიროებს დიალიზს;
· პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე უკმარისობა;
· პაციენტს აქვს ცხელება ან გრიპი (ზოგადი ტკივილი, სისუსტის შეგრძნება, კანკალი ან ტრემორი ან მაღალი ტემპერატურა);
· პაციენტი ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრშია;
· პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს.
დაუშვებელია ეფრიდოლის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები
ეფრიდოლის მსგავსი მედიკამენტები შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის მცირედ მომატებულ რისკთან. ნებისმიერი რისკი უფრო მეტად დაკავშირებულია მაღალ დოზებსა და ხანგრძლივ მკურნალობასთან. არ უნდა იქნას გადაჭარბებული დოზა ან მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა.
თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, გადატანილი აქვს ინსულტი ან იმყოფება ამ მდგომარეობების განვითარების რისკის ქვეშ (მაგ.: აქვს მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველია), უნდა განიხილოს მკურნალობა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ მკურნალობის განმავლობაში პაციენტს განუვითარდა მძიმე ალერგიული რეაქცია, უნდა შეწყვიტოს ეფრიდოლით მკურნალობა და აცნობოს ექიმს კანზე გამონაყარის, რბილი ქსოვილების (ლორწოვანი გარსების) დაზიანების ან ალერგიის ნებისმიერი ნიშნის პირველივე გამოვლენისთანავე.
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ეფრიდოლით მკურნალობა სისხლდენის (კუპრისფერი განავალი) ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულების (იწვევს მუცლის ტკივილს) არსებობისას.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ეფრიდოლის გამოყენებისას
თუ ნიმესულიდით მკურნალობის განმავლობაში ვითარდება სიმპტომები, რომელიც მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე, უნდა შეწყდეს ნიმესულიდის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს. სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის დაზიანებაზე, მოიცავს მადის დაკარგვას, გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, მუდმივ დაღლილობას და მუქ შარდს.
თუ პაციენტს აღენიშნება პეპტიკური წყლულები, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა ან ნაწლავების ანთებითი დაავადება, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება, უნდა აცნობოს ექიმს ეფრიდოლის მიღებამდე.
თუ ეფრიდოლით მკურნალობის განმავლობაში განვითარდა ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები (ზოგადი ტკივილის, სისუსტის, კანკალის ან ტრემორის შეგრძნება), უნდა შეწყდეს პროდუქტის მიღება და უნდა ეცნობოს ექიმს.
თუ პაციენტს აღენიშნება გულის მსუბუქი სიმძიმის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის ან ცირკულატორული პრობლემები, უნდა აცნობოს ექიმს ეფრიდოლის მიღებამდე.
თუ პაციენტი ხანდაზმულია, ექიმმა შეიძლება ჩაატაროს რეგულარული გამოკვლევები, რათა დარწმუნდეს, რომ ეფრიდოლი არ იწვევს კუჭის, თირკმელების, გულის ან ღვიძლის პრობლემებს.
თუ პაციენტი გეგმავს ფეხმძიმობას, უნდა ეცნობოს ექიმს, რადგან ეფრიდოლმა შეიძლება დააზიანოს რეპროდუქციული უნარი.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.
თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ეფრიდოლთან, უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, რათა იცოდნენ რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტებს ეფრიდოლის მიღებამდე:
- კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ);
- სისხლის გამათხევადებლები (ანტიკოაგულანტები, მაგ.: ვარფარინი ან ანტიაგრეგანტები, ასპირინი ან სხვა სალიცილატები);
- ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები ან დიურეტიკები (მედიკამენტები, რომლებიც აკონტროლებენ არტერიულ წნევას ან გულის პრობლემებს);
- ლითიუმი, გამოიყეება დეპრესიის და მსგავსი დარღვევების დროს;
- სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
- მეთოტრექსატი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის და კიბოს დროს);
- ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ორგანოს გადანერგვის ან იმუნური დარღვევების სამკურნალოდ).
ეფრიდოლის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ეფრიდოლის ან ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
- ეფრიდოლი არ უნდა იქნას მიღებული ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში. მან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ახალშობილში და მშობიარობის პროცესზე;
- თუ პაციენტი გეგმავს ფეხმძიმობას, უნდა აცნობოს ექიმს, რადგან ეფრიდოლმა შეიძლება დააქვეითოს რეპროდუქციული უნარი;
- თუ პაციენტი ფეხმძიმობის პირველ ან მეორე ტრიმესტრშია, არ უნდა გადააჭარბოს რეკომენდებულ დოზას და ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობის ხანგრძლივობას.
ეფრიდოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ ეფრიდოლი იწვევს თავბრუსხვევას ან ძილიანობას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეფრიდოლის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეფრიდოლის ტაბლეტები და გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად შეიცავს შაქრებს. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, უნდა აცნობოს ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.
3. ეფრიდოლის მიღების წესი
ეფრიდოლის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენების შესამცირებლად გამოყენებულ უნდა იქნას უმცირესი ეფექტური დოზა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად.
ჩვეულებრივი დოზაა ერთი 100 მგ ტაბლეტი ან ერთი 100 მგ საშეტი ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულებით ორჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ეფრიდოლი გამოყენებულ უნდა იქნას რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში და არაუმეტეს 15 დღე მკურნალობის ერთ ციკლში.
ეფრიდოლის დოზის გადაჭარბებისას
თუ პაციენტმა მიიღო, ან ფიქრობს, რომ მიიღო ეფრიდოლის დანიშნულზე მეტი დოზა (დოზის გადაჭარბებისას), საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი მედიკამენტები. დოზის გადაჭარბებისას მოსალოდნელია, განვითარდეს რომელიმე შემდეგი სიმპტომი: ძილიანობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, კუჭის წყლულები, სუნთქვის გაძნელება.
ეფრიდოლის მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეფრიდოლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას:
- დისპეფსია ან ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდება ან კუპრისფერი განავალი;
- კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ან სიწითლე;
- ხმაურიანი სუნთქვა ან ქოშინი;
- კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე);
- შარდის მოცულობის ან ფერის მოულოდნელი ცვლილებები;
- სახის, ტერფების ან ფეხების შეშუპება;
- მუდმივი სისუსტე.
არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების (ასაპ) ზოგადი გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთი ასაპ შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული ოკლუზიის (თრომბოზის), როგორიცაა: გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტი, მცირედ მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით მაღალი დოზებითა და ხანგრძლივი მკურნალობისას.
აღინიშნა, რომ სითხის შეკავება (შეშუპება), მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) და გულის უკმარისობა დაკავშირებული იყო ასაპ-ით მკურნალობასთან.
ასაპ-ის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია საჭმლის მომნელებლ ტრაქტთან (გასტროინტესტინური ეფექტები):
- კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები;
- ნაწლავის ან კუჭის კედლის პერფორაცია ან ნაწლავებიდან სისხლდენა (ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში).
არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების (ასაპ) სხვა გვერდითი მოვლენებია:
- ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში): დიარეა, გულისრევა და ღებინება, ღვიძლის ფუნქციის ანალიზების მცირე ცვლილებები სისხლში;
- არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ქოშინი, თავბრუსხვევა, გაზრდილი არტერიული წნევა, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულძმარვა (გასტრიტი), ქავილი, გამონაყარი, გაზრდილი ოფლიანობა, შეშუპება; კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა; დუოდენალური ან კუჭის წყლულები; წყლულების პერფორაცია;
- იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ანემია, ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება, გარკვეული ლეიკოციტების (ეოზინოფილების) მომატება სისხლში, არტერიული წნევის ცვლილება, სისხლდენა, ტკივილი შარდვის დროს ან შარდვის შეკავება, სისხლიანი შარდი, სისხლში კალიუმის დონის მომატება, შფოთვა ან ნევროზულობა, ღამის კოშმარები, მხედველობის დაბინდვა, გულისცემის სიხშირის გაზრდა, ალები, კანის სიწითლე, კანის ანთება (დერმატიტი), დაღლილობა, სისუსტე;
- ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კანის მძიმე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი და მნიშვნელოვანი სისუსტე, თირკმლის უკმარისობა ან ანთება (ნეფრიტი); თავის ტვინის ფუნქციის პათოლოგია (ენცეფალოპათია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რომელიც იწვევს კანქვეშ ან სხეულის სხვა ნაწილებში სისხლდენას, შავ განავალს სისხლდენის გამო, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ხანდახან ძალიან მძიმე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე და ნაღვლის დინების ბლოკირება; ალერგიები, მათ შორის კოლაფსი და მძიმე რეაქციები სუნთქვის პრობლემებით, ასთმა, სხეულის დაქვეითებული ტემპერატურა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, კუჭის ტკივილი, დისპეფსია, პირის წვა, ქავილი (ჭინჭრის ციება), სახის და მიმდებარე ქსოვილების შეშუპება, მხედველობის დარღვევები.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მძიმდება, ან აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა
5. ეფრიდოლის შენახვის წესი
ეფრიდოლი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
ეფრიდოლი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ეფრიდოლის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
6. სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ეფრიდოლი
აქტიური ნივთიერებაა ნიმესულიდი.
ერთი საშეტი შეიცავს 100 მგ ნიმესულიდს.
დამხმარე ნივთიერებებია: კეტომაკროგოლი 1000, საქაროზა, მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა, ფორთოხლის არომატი.
ეფრიდოლის ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ეფრიდოლი 100 მგ გრანულები ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: 30 საშეტი
არ საჭიროებს სიფრთხილის ზომებს შენახვისათვის.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
ყურადღება: საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა გამოყენებამდე
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account