კლობეტაზოლი - Clobetazol ATB მალამო 0.5მგ/გ 25გ
ჩვენება: ეგზემა, ფსორიაზი, ბრტყელი ლიქენი და დისკოიდური წითელი მგლურა.
კლობეტაზოლი Atb 0.5 მგ/გ მალამო
კლობეტაზოლის პროპიონატი
ასევე, იხილეთ : Dermovate - დერმოვეიტი მალამო 0.05% 50გ
ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით და სრულად გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
• დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი სიმპტომები არის თქვენი სიმპტომების მსგავსი.
• თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რას წარმოადგენს კლობეტაზოლი Atb და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ კლობეტაზოლი Atb-ის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება კლობეტაზოლი Atb
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ ინახება კლობეტაზოლი Atb
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს კლობეტაზოლი Atb და რისთვის გამოიყენება
კლობეტაზოლი Atb მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები. "ადგილობრივი" ნიშნავს პირდაპირ კანზე გამოსაყენებლად განკუთვნილს. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები ამცირებენ სიწითლეს და ქავილს, რაც ვლინდება გარკვეული კანისმიერი დაავადებებისას.
კლობეტაზოლი Atb კანისმიერი დაავადებებისას ამცირებს ანთების ეფექტებს, როგორიცაა ეგზემა, რომელიც არ პასუხობს სხვა სამკურნალო საშუალებებზე, ფსორიაზი (ფართოდ გავრცელებული პუსტულოზური ფსორიაზის გამოკლებით), ბრტყელი ლიქენი და დისკოიდური წითელი მგლურა.
იხილეთ ბლოგი : ეგზემა - მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა
2. რა უნდა იცოდეთ კლობეტაზოლი Atb-ის გამოყენებამდე
არ გამოყენოთ კლობეტაზოლი Atb:
• თუ გაქვთ ალერგია კლობეტაზოლის პროპიონატზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
• თუ გაქვთ აკნე ვულგარისი ან აკნე როზაცეა (კანის ძლიერი გაწითლება ცხვირზე და მის გარშემო) ან თუ გაქვთ პერიორალური დერმატიტი (ლაქებიანი წითელი გამონაყარი პირის გარშემო);
• თუ გაქვთ ქავილი ანუსის ან სასქესო ორგანოების ირგვლივ; წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული პერიანალურ ან სასქესო მიდამოებში;
• თუ გაქვთ არანამკურნალევი კანის პირველადი ვირუსული ინფექციები (მაგ. მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა), ძირითადად ინფექციური კანისმიერი დაზიანებები, გამოწვეული სოკოებით (მაგ. კანდიდოზი, თინეა) ან ბაქტერიებით (მაგ. იმპეტიგო), წყლულოვანი დაზიანებები;
• 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ან ბავშვებში, რომლებსაც აქვთ საფენის დერმატიტი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კლობეტაზოლი Atb-ის გამოყენებამდე, თუ:
• აღგენიშნებათ ძვლის ახლად განვითარებული ტკივილი ან კლობეტაზოლი Atb-ით მკურნალობისას მანამდე არსებული ძვლისმიერი სიმპტომების გაუარესება, განსაკუთრებით თუ იყენებდით კლობეტაზოლი Atb-ს დიდი ხნის განმავლობაში ან განმეორებით.
• იყენებთ კორტიკოსტეროიდების შემცველ სხვა პერორალურ/ადგილობრივ მედიკამენტებს ან პრეპარატებს, რომლებიც განკუთვნილია თქვენი იმუნური სისტემის გასაკონტროლებლად (მაგ. აუტოიმუნური დაავადებისთვის ან ტრანსპლანტაციის შემდეგ). კლობეტაზოლი Atb-ის ამ მედიკამენტებთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ინფექციები.
გამოიყენეთ კლობეტაზოლი Atb მხოლოდ გარედან.
შეწყვიტეთ კლობეტაზოლი Atb-ის გამოყენება ალერგიის განვითარების შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ კლობეტაზოლი Atb დიდ ზედაპირზე ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობის გაზრდა.
ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს. იგი გირჩევთ შესაბამის მკურნალობას. ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდების გამოყენება შეიძლება საშიში იყოს ფსორიაზის დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ის იწვევს რეციდივებს, ტოლერანტობის განვითარებას, გენერალიზებულ პუსტულოზულ ფსორიაზს და ასევე ადგილობრივ ან სისტემურ ტოქსიკურ ეფექტებს.
ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტების საგულდაგულო მეთვალყურეობა.
არ გამოიყენოთ კლობეტაზოლი Atb სახეზე, მაგრამ თუ ეს აუცილებელია, მალამო წაისვით ხანმოკლე პერიოდით (5 დღე). მოერიდეთ მალამოს კონტაქტს თვალებთან, ადგილობრივი გაღიზიანების ან გლაუკომის რისკის გამო. თუ წამალი მოხვდა თვალში, ამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით.
ბავშვები
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში გამოყენება უნდა შემოიფარგლოს 5 დღით და განიხილებოდეს ყოველკვირეულად. ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ სისტემური ტოქსიკურობის მიმართ ექვივალენტური დოზების გამოყენებისას, კანის ზედაპირის უფრო დიდი ფართობის და სხეულის წონის თანაფარდობის გამო.
სხვა სამკურნალო საშუალებები და კლობეტაზოლი Atb
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
იმ მედიკამენტების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც აინჰიბირებენ CYP3A4-ს (მაგ. რიტონავირი, იტრაკონაზოლი) შეიძლება გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმის დათრგუნვა, რაც გაზრდის სისტემური ზემოქმედების შანსებს.
კლობეტაზოლი Atb საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის ცნობილი ურთიერთქმედება კლობეტაზოლსა და საკვებს ან სასმელს შორის.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულ ქალებში ან ძუძუთი კვების პერიოდში ამ პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
სატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
კლობეტაზოლი Atb არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას სატრანსპორტი საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
კლობეტაზოლი Atb შეიცავს 45 მგ/გ პროპილენ გლიკოლს და 20 მგ/გ პროპილენგლიკოლის მონოსტეარატს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
3. როგორ გამოიყენება კლობეტაზოლი Atb
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
წაისვით კლობეტაზოლი Atb-ის თხელი ფენა დაზიანებულ ადგილზე დღეში ერთხელ ან ორჯერ და ნაზად შეიზილეთ, სანამ მთლიანად არ შეიწოვება. დაიბანეთ ხელები ყოველი გამოყენების წინ და შემდეგ.
გამოიყენეთ კლობეტაზოლი Atb დროის მოკლე ინტერვალებით. თუ სიმპტომების გაუმჯობესება არ შეინიშნება 2-4 კვირის განმავლობაში, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოზის გადახედვა.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას - 50 გ კვირაში.
არ გააგრძელოთ კლობეტაზოლით მკურნალობა 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მოზრდილებში და მოზარდებში და 5 დღე ბავშვებში.
კლობეტაზოლის გამოყენება შეწყვიტეთ თანდათანობით.
სახეზე გამოყენების შემთხვევაში კლობეტაზოლით მკურნალობა შემოიფარგლება 5 დღით.
ბავშვები
არ გამოიყენოთ კლობეტაზოლი 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. 1 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობა უნდა ჩატარდეს მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო ხელახალი შეფასება ყოველ კვირას.
ხანდაზმული პაციენტები
გამოიყენეთ მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია მოსალოდნელი კლინიკური სარგებლის მისაღებად.
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
გამოიყენეთ მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია მოსალოდნელი კლინიკური სარგებლის მისაღებად.
თუ გამოიყენეთ კლობეტაზოლი Atb საჭიროზე მეტი რაოდენობით
მნიშვნელოვანია დაიცვათ წინამდებარე ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. თუ შეცდომით მალამო რეკომენდებულზე მეტჯერ წაისვით, არ ინერვიულოთ, თუმცა მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ კლობეტაზოლი Atb -ის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ კლობეტაზოლი Atb-ის გამოყენება, გამოიყენეთ რეკომენდებული რაოდენობა, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის დროა მოახლოებული, გამოიყენეთ მხოლოდ ის.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ კლობეტაზოლი Atb -ის გამოყენებას
თუ შეწყვეტთ კლობეტაზოლი Atb-ის გამოყენებას, მიმართეთ თქვენს ექიმს, სანამ შეწყვეტთ მის გამოყენებას, რადგან თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, თუ მოულოდნელად შეწყვეტთ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
• ქავილი, წვის შეგრძნება და კანის ტკივილი.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)
• კანის გათხელება, სტრიები, ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანში)
• ინფექციები, ალერგიული რეაქციები, ერითემა, გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, სიწითლე, კანის გათხელება, კანის ფერის ცვლილება, სხეულზე თმის მომატება, უკვე არსებული სიმპტომების მომატება, პუსტულური ფსორიაზი, კანის გაღიზიანება პრეპარატის წასმის ადგილზე.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში კლობეტაზოლის დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება შეინიშნოს თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის გამოვლინებები, რაც მოიცავს ბავშვებში ზრდის შენელებას, წონის უსაფუძვლო მატებას და აკნეს გაჩენას. თუ ეს ყველაფერი გაწუხებთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. განსაკუთრებით ბავშვებში, მკურნალობის ზოგადი ხანგრძლივობის შემთხვევაშიც კი შეიძლება განვითარდეს შემდეგი: წონის მომატება, სახის დამრგვალება და არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებლები. შეწოვა შეიძლება გაიზარდოს, თუ კლობეტაზოლი გამოიყენება ოკლუზიური სახვევის ქვეშ.
ბავშვებში ფრთხილად გამოიყენეთ კლობეტაზოლის რეკომენდებული რაოდენობა, რადგან პრეპარატის უფრო მეტი რაოდენობა შეიძლება შეიწოვოს მათმა კანმა.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
5. როგორ ინახება კლობეტაზოლი Atb
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ტუბის გახსნიდან მაქსიმუმ 12 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კლობეტაზოლი Atb:
მოქმედი ნივთიერებაა: კლობეტაზოლის პროპიონატი. ერთი გრამი მალამო შეიცავს 0.5 მგ კლობეტაზოლის პროპიონატს.
სხვა ინგრედიენტებია: თეთრი რბილი პარაფინი, პროპილენგლიკოლი, პროპილენგლიკოლის მონოსტეარატი, გლიცერილის სტეარატი და ლაურეთ-23.
კლობეტაზოლი Atb-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ერთგვაროვანი ნახევრად მყარი პრეპარატი.
პროდუქტი ხელმისაწვდომია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს ალუმინის ერთ ტუბს 25 გ მალამოთი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account