Bisenius - ბისენიუსი 5მგ 30 ტაბლეტი

5,14 GEL
მარაგშია
SKU
79728_625

ჩვენება:მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და გულ-მკერდის არეში ტკივილის პროფილაქტიკისთვის.

რას წარმოადგენს ბისენიუსი და რისთვის გამოიყენება იგი
ბისენიუსის ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლი. ბისოპროლოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ბეტა-ბლოკერები. ეს პრეპარატები გავლენას ახდენს ორგანიზმის რეაქციაზე ზოგიერთ ნერვულ იმპულსზე, განსაკუთრებით გულის მხრივ. შედეგად, ბისოპროლოლი ანელებს გულისცემას და უფრო ეფექტურს ხდის გულიდან სისხლის გადატუმბვას სხვა ორგანოებში. ბისენიუსის ტაბლეტები გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ და გულ-მკერდის არეში ტკივილის (სტენოკარდია) პროფილაქტიკისთვის.

რა უნდა იცოდეთ ბისენიუსის ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ ბისენიუსის ტაბლეტები

არ მიიღოთ ბისენიუსის ტაბლეტები, თუ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა გეხებათ:

ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბისოპროლოლის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6 “რას შეიცავს ბისენიუსი“)
მძიმე ასთმა
კიდურებში სისხლის ცირკულაციის მძიმე პრობლემები (როგორიცაა რეინოს სინდრომი), რაც შეიძლება იწვევდეს ხელისა და ფეხის თითებში ჩხვლეტას, გაფერმკრთალებას ან გალურჯებას.
არანამკურნალები ფეოქრომოციტომა, რომელიც წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათ სიმსივნეს.
მეტაბოლური აციდოზი, რომელიც წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც აღინიშნება სისხლის ძლიერი მჟავიანობა.
არ მიიღოთ ბისენიუსის ტაბლეტები, თუ გაქვთ გულის რომელიმე შემდეგი პრობლემა:

გულის მწვავე უკმარისობა
გულის უკმარისობის დამძიმება, რომელიც საჭიროებს პრეპარატების ინტრავენურ შეყვანას გულის შეკუმშვათა გასაძლიერებლად
დაბალი არტერიული წნევა
გულის გარკვეული მდგომარეობები, რომლებიც იწვევს ძალიან დაბალ გულისცემას ან არარეგულარულ გულისცემას, როდესაც არ არის გამოყენებული კარდიოსტიმულატორი
კარდიოგენური შოკი, რომელიც წარმოადგენს გულის სერიოზულ მწვავე მდგომარეობას და იწვევს დაბალ არტერიულ წნევას და ცირკულატორულ უკმარისობას.გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ბისენიუსის მიღებამდე.

თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა, ბისენიუსის ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ ექიმს; მან შეიძლება მიიღოს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები (მაგალითად, დაგინიშნოთ დამატებითი მკურნალობა ან უფრო ხშირად ჩაგიტაროთ შემოწმება):

გულის უკმარისობა (მიუხედავად იმისა, რომ ბისოპროლოლი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, დოზირება ძალიან განსხვავდება)
პირველი ხარისხის გულის ბლოკადა (მდგომარეობა, როდესაც დარღვეულია გულში ნერვული სიგნალების გადაცემა, რაც შეიძლება იწვევდეს გულისცემის გამოტოვებას ან არარეგულარულ გულისცემას)
დიაბეტი
მკაცრი დიეტა
გულის გარკვეული დაავადებები, როგორიცაა გულის რიტმის დარღვევები, გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილი მოსვენების მდგომარეობაში (პრინცმეტალის სტენოკარდია)
თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები
კიდურებში სისხლის მიმოქცევის ნაკლებად მძიმე პრობლემები
ფილტვების ქრონიკული დაავადება ან ნაკლებად მძიმე ასთმა
ალერგიის ანამნეზი
კანზე აქერცლილი გამონაყარის ანამნეზი (ფსორიაზი)
თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა)
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა.

ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაგეგმილი გაქვთ:

დესენსიბილიზაციური თერაპია (მაგალითად, თივის ცხელების პრევენციისთვის), რადგან ბისენიუსის ტაბლეტებმა შეიძლება გაზარდოს ალერგიული რეაქციის რისკი, ან დაამძიმოს ალერგიული რეაქცია.
ანესთეზია (მაგალითად, ოპერაციისთვის), რადგან ბისენიუსის ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ მდგომარეობაში თქვენი ორგანიზმის რეაქციაზე.

თუ გაქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადება ან ნაკლებად მძიმე ასთმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ დაგეწყოთ სუნთქვის გაძნელება, ხველა, ხიხინი ვარჯიშის შემდეგ და ა.შ., ბისენიუსის გამოყენებისას.

სხვა პრეპარატები და ბისენიუსის ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

არ მიიღოთ შემდეგი პრეპარატები ბისენიუსის ტაბლეტებთან ერთად თქვენი ექიმის სპეციალური მითითების გარეშე:

გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის, სტენოკარდიის ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (ცნობილია, როგორც კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ვერაპამილი და დილთიაზემი)
გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როგორიცაა კლონიდინი, მეთილდოპა, მოქსონოდინი, რილმენიდინი. თუმცა, არ შეწყვითოთ ამ პრეპარატების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის შემდეგი პრეპარატების ბისენიუსის ტაბლეტებთან ერთად მიღებამდე; შეიძლება, ექიმმა უფრო ხშირად შეამოწმოს თქვენი მდგომარეობა:

გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული ან პათოლოგიური გულისცემის სამკურნალოდ (ცნობილია, როგორც I კლასის ანტიარითმული პრეპარატები, როგორიცაა ქინიდინი და დიზოპირამიდი)
გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სტენოკარდიის სამკურნალოდ (ცნობილია, როგორც დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ნიფედიპინი)
გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული ან პათოლოგიური გულისცემის სამკურნალოდ (ცნობილია, როგორც III კლასის ანტიარითმული პრეპარატები, როგორიცაა ამიოდარონი)
ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ბლოკერები (როგორიცაა თიმოლოლის თვალის წვეთები გლაუკომის სამკურნალოდ)
გარკვეული პრეპარატები ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება ან გლაუკომა (ცნობილია, როგორც პარასიმპათომიმეტური საშუალებები, როგორიცაა ტაკრინი ან კარბახოლი), ან პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის მწვავე დაავადებების სამკურნალოდ (ცნობილია, როგორც სიმპათომიმეტური საშუალებები, როგორიცაა იზოპრენალინი და დობუტამინი)
დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, ინსულინის ჩათვლით
საანესთეზიო საშუალებები (მაგალითად, ოპერაციის დროს)
სათითურას პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), რომლებიც გამოიყენება ართრიტის, ტკივილის ან ანთების სამკურნალოდ (მაგალითად, იბუპროფენი ან დიკლოფენაკი)
სიმპათომიმეტური საშუალებები, როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი, რომლებიც გამოიყენება გულის შეტევის და დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ადრენალინი ასევე გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ. ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს ადრენალინის მაღალი დოზები, თუ ერთდროულად გამოიყენება ბისენიუსი.
ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც იწვევს არტერიული წნევის სასურველ ან არასასურველ დაქვეითებას, როგორიცაა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, დეპრესიის სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა იმიპრამინი ან ამიტრიპტილინი), ეპილეფსიის სამკურნალო ან ანესთეზიის დროს გამოსაყენებელი გარკვეული პრეპარატები (ბარბიტურატები, როგორიცაა ფენობარბიტალი) ან გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება რეალობასთან კავშირის დაკარგვით მიმდინარე ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ (ფენოთიაზინები, როგორიცაა ლევომეპრომაზინი)
მეფლოქინი, გამოიყენება მალარიის პროფილაქტიკისთვის ან სამკურნალოდ.
დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, სახელწოდებით მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (გარდა მაო-B-ს ინჰიბიტორებისა), როგორიცაა მოკლობემიდი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

ორსულობის პერიოდში ბისენიუსის ტაბლეტების გამოყენებისას არსებობს ბავშვისთვის ზიანის მიყენების რისკი. თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ თქვენს ექიმს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას, შეგიძლიათ თუ არა ბისენიუსის ტაბლეტების მიღება ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვება

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ბისოპროლოლი ადამიანის რძეში. ამიტომ, ბისენიუსის ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი შეიძლება შეიცვალოს პრეპარატის ამტანობის მიხედვით. განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდის ან პრეპარატის შეცვლის შემთხვევაში, ასევე ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.

როგორ მიიღება ბისენიუსის ტაბლეტები
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღეთ ტაბლეტი წყლის მიყოლებით დილით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ ტაბლეტი.

ჩვეულებრივ, ბისენიუსის ტაბლეტებით მკურნალობა ხანგრძლივია.

მოზრდილები, ხანდაზმულების ჩათვლით:

ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ ბისოპროლოლს.

იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად რეაგირებთ პრეპარატზე, თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დოზის 5 მგ-მდე შემცირების ან 20 მგ-მდე გაზრდის შესახებ. არ შეიძლება დღე-ღამეში 20 მგ დოზის გადაჭარბება. ამ საკითხთან დაკავშირებით მითითებებს მიიღებთ თქვენი ექიმისგან.

ასევე, ეტიკეტზე მითითებულია მისაღები ტაბლეტების რაოდენობა და სიხშირე.

თქვენი ფარმაცევტი დაგეხმარებათ, თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმე საკითხზე.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ დოზის თანდათანობით შემცირებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს.

ბავშვები და მოზარდები:

ბავშვებსა და მოზარდებში ბისენიუსის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თუ მიიღეთ ბისენიუსის ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ბისენიუსის ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს უბედური შემთხვევებისა და სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ თქვენი ტაბლეტები. თქვენი ექიმი მიიღებს საჭირო ზომებს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტები, შეიძლება აღგენიშნოთ შენელებული პულსი, სუნთქვის მწვავე გაძნელება, თავბრუსხვევის შეგრძნება ან კანკალი (სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითების გამო).

თუ დაგავიწყდათ ბისენიუსის ტაბლეტების მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა მეორე დილით.

თუ შეწყვიტეთ ბისენიუსის ტაბლეტების მიღება

არასდროს შეწყვიტოთ ბისენიუსის მიღება თქვენი ექიმის რჩევის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს.

მოცემული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ბისენიუსის ტაბლეტებსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. სერიოზული რეაქციების თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გვერდითი მოქმედება სერიოზულ სახეს ატარებს, მოულოდნელად განვითარდა ან სწრაფად დამძიმდა.

ცნობილი გვერდითი მოქმედება ჩამოთვლილია ქვემოთ მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში):

დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ხელებსა და ფეხებში სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება
დაბალი არტერიული წნევა
კუჭის ან ნაწლავების პრობლემები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა ან შეკრულობა.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში):

გავლენა ნორმალურ გულისცემაზე
გულის უკმარისობის გაუარესება
ძილის დარღვევები
დეპრესია
სუნთქვის პრობლემები ასთმის ან ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში
სისუსტის შეგრძნება, კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი
თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ადამიანში):

სმენის დარღვევები
ალერგიული სურდო, ცემინება და ქავილი
ცრემლდენის შემცირება (თვალების სიმშრალე)
ღვიძლის ანთება, რაც შეიძლება იწვევდეს კანის ან თვალების თეთრი გარსის გაყვითლებას
ღვიძლის ფუნქციის ან ცხიმების შემცველობის განმსაზღრელი სისხლის გარკვეული ანალიზების შედეგების ნორმიდან აცდენა
ალერგიის მსგავსი რეაქციები, როგორიცაა ქავილი, წამოხურება, გამონაყარი
ერექციის დარღვევა
კოშმარები, ჰალუცინაციები
გულის წასვლა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1 ადამიანში):

თვალების გაღიზიანება და სიწითლე (კონიუნქტივიტი)
თმის ცვენა
კანზე აქერცლილი გამონაყარის განვითარება ან დამძიმება (ფსორიაზი); ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი.

როგორ ინახება ბისენიუსის ტაბლეტები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შენიშნავთ დაზიანების ნებისმიერ ხილვად ნიშანს. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ შეიძლება პრეპარატების საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ბისენიუსის ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლის ფუმარატი.
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ-ს.

აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ-ს.

ბისენიუსის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ბისენიუსი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთი ნაჭდევით.

ბისენიუსი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ნარინჯისფერი, მრგვალი, ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთი ნაჭდევით.

ტაბლეტის გაყოფა შეიძლება თანაბარ დოზებად.

ერთი შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy