Captopril Hidroclorotiazida - კაპტოპრილ ჰიდროქლორ 50/25 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 14,15 GEL რეგულარული ფასი 14,90 GEL
მარაგშია
SKU
75113_2844

ჩვენება: მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა

რას წარმოადგენს კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი და მისი გამოყენება

კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ორი ნივთიერების, კაპტოპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის, კომბინაციას.

კაპტოპრილი მიეკუთვნება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ჯგუფს. ის აფართოებს სისხლძარღვებს და აქვეითებს არტერიულ წნევას.

ჰიდროქლორთიაზიდი ნივთიერებაა, რომელიც მიეკუთვნება თიაზიდური დიურეტიკების მედიკამენტების ჯგუფს. ის ზრდის გამოყოფილი შარდის რაოდენობას და ამით აქვეითებს არტერიულ წნევას.

მედიკამენტში არსებული ორივე აქტიური ნივთიერება ერთად აქვეითებს არტერიულ წნევას, უფრო მეტად, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია მაღალი არტერიული წნევის (ესენციური ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, როცა არტერიული წნევა სათანადოდ არ არის გაკონტროლებული ცალკეული ინგრედიენტებით - კაპტოპრილით და ჰიდროქლორთიაზიდით.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღებამდე

საჭიროა ქვემოთ მოცემული პარაგრაფის ყურადღებით წაკითხვა. ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც პაციენტმა და მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინონ კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღებამდე.

კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კაპტოპრილის, მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის ან სხვა აგფ ინჰიბიტორების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);

თუ პაციენტი ალერგიულია ჰიდროქლორთიაზიდის ან სხვა სულფონამიდის წარმოებულების მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები ამ ჯგუფის სხვა მედიკამენტების (აგფ ინჰიბიტორების) მიღებისას, რომელმაც გამოიწვია ხელების, ფეხების, კოჭების, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება), ან თუ ოჯახის წევრს აღენიშნებოდა მსგავსი რეაქცია;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები (კითხვების არსებობისას, საჭიროა ექიმთან მიმართვა);

თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა და მკურნალობდა ალისკირენის შემცველი არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტით;

თუ პაციენტი 3 თვეზე მეტი ხნის ფეხმძიმეა. უმჯობესია არ მოხდეს მედიკამენტის მიღება ფეხმძიმობის პირველ თვეებში (იხ. პარაგრაფი ფეხმძიმობა).

მედიკამენტი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მედიკამენტის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე:

-      თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ან პერსისტენტული ღებინება ან დიარეა;

-      თუ პაციენტი იმყოფება ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტაზე, იღებს მარილის შემცვლელებს ან დანამატებს, რომლებიც შეიცავენ კალიუმს;

-      თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის დარღვევები (კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან მიმართვა);

-      თუ პაციენტს აღენიშნება აორტის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან თირკმლის არტერიის შევიწროება (თირკმლის არტერიის სტენოზი);

-      თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი. ამ მედიკამენტს შეუძლია შეცვალოს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური მედიკამენტის ეფექტი. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

-      თუ პაციენტი იმყოფება დიალიზზე. აღინიშნა ალერგიული რეაქციები იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამ მედიკამენტით და იტარებდნენ დიალიზს გარკვეული ფილტრებით (ე.წ. ჰემოდიალიზის მაღალი ნაკადის მემბრანები ან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის აფერეზი დექსტრანის სულფატის აბსორბციით). საჭიროა ექიმთან კონსულტაცია შემდეგი დიალიზის სეანსამდე;

-      თუ პაციენტი იტარებს, ან გეგმავს დესენსიტიზაციის პროცედურას ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენის მიმართ ალერგიის გამო. ალერგიული რეაქციები აღინიშნა იმ პაციენტებში, რომელბიც მკურნალობდნენ ამ მედიკამენტით და იტარებდნენ დესენსიტიზაციის თერაპიას. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის დაწყებამდე;

-      თუ პაციენტს აღენიშნება წითელი მგლურა (ანთებითი დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სხვადასხვა ორგანოებზე, მათ შორის, კანზე) ან მგლურას მსგავსი პათოლოგიები;

-      თუ პაციენტი იღებს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ შემდეგ მედიკამენტებს:

-      ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) (ე.წ. „სარტანები“, მაგ.: ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების პრობლემები, რომელიც გამოწვეული დიაბეტით;

-      ალისკირენს.

-      თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოტვლილ მედიკამენტებს, იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (კანქვეშა ქსოვილის შეშუპება, მაგალითად ხორხის მიდამოში) რისკი:

-      სიროლიმუსი, ევეროლიმუსი ან სხვა მთOღ ინჰიბიტორების ჯგუფის მედიკამენტები (გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის).

-      თუ პაციენტს აღენიშნება კანის კიბო ან მოულოდნელად განუვითარდა კანის დაზიანებები მკურნალობის დროს. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობა, განსაკუთრებით, ხანგრძლივად და მაღალი დოზებით, ზრდის ზოგიერთი ტიპის კანისა და ტუჩის კიბოს რისკს (კანის არამელანომური კიბო). საჭიროა კანის დაცვა მზისა და ულტრაიისფერის გამოსხივებისაგან კაპტოპრილი/ ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის დროს;

-      თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქოროიდული ეფუზია) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები და შეიძლება განვითარდეს რამდენიმე საათში ან ერთ კვირაში კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდის ნორმონის მიღების შემდეგ. ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის სრული დაკარგვა, თუ არ მოხდა მისი მკურნალობა. პაციენტს შეიძლება ამ მდგომარეობის განვითარების მაღალი რისკი ჰქონდეს, თუ აღენიშნებოდა ალერგია პენიცილინზე ან სულფონამიდზე.

მურნალი ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას, არტერიულ წნევასა და ელექტროლიტების დონეს (მაგ.: კალიუმის დონეს) სისხლში.

იხ. აგრეთვე, ინფორმაცია პარაგრაფში „არ შეიძლება კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება“.

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ფეხმძიმობის (ან შესაძლო ფეხმძიმობის შესახებ). არ არის რეკომენდებული მედიკამენტის მიღება ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე და დაუშვებელია მისი მიღება ფეხმძიმობის 3 თვის შემდეგ, რადგან  შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება (იხ. პარაგრაფი “ფეხმძიმობა”).

არ უნდა მოხდეს ლითიუმის შემცველი პრეპარატების მიღება ამ მედიკამენტთან ერთად ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქციები

-      ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების ენის და/ან ხორხის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით;

-      ინფექციის ნებისმიერი ნიშანი (როგორიცაა ანგინა ან ცხელება), რომელიც არ პასუხობს სწრაფად სტანდარტულ მკურნალობას;

-      თავბრუსხვევა ან გულისწასვლა;

-      ძლიერი მუცლის ტკივილი;

-      უჩვეულოდ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;

-      სიყვითლე (მოყვითალო კანი/თვალები);

-      ნებისმიერი უეცარი, აუხნელი გენეზის გამონაყარი ან წვა, კანის აქერცვლა ან გაწითლება.

თუ პაციენტი იღებს კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონს, ქვემოთ ჩამოთვლილი უნდა ეცნობოს:

-      საავადმყოფოს პერსონალს, განსაკუთრებით ანესთეზიოლოგს (თუ პაციენტი გეგმავს ოპერაციას), ან თუ პაციენტი ჰოსპიტალიზებულია;

-      სტომატოლოგს, სტომატოლოგიური პროცედურის ჩატარებამდე, რომელიც საჭიროებს ანესთეზიას.

თუ მედიკამენტის პირველად მიღებისას, პაციენტს აღენიშნება გაბრუება ან თავბრუსხვევა მცირე დროის განმავლობაში, პაციენტი უნდა დაჯდეს ან დაწვეს. არ არის მოსალოდნელი, რომ ეს სიმპტომები განვითარდეს ტაბლეტების რეგულარული მიღებისას. თუ ასეთი სიტუაცია აწუხებს პაციენტს, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

სპორტსმენებში გამოყენება

მედიკამენტი შეიცავს ჰიდროქლორთიაზიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის კონტროლის ტესტის დადებითი შედეგი.

სხვა მედიკამენტები და კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. ეს მოიცავს გაციების, ხველის, ალერგიის ან სინუსიტების სამკურნალო მედიკამენტებს, რადგან შეიძლება გაიზარდოს არტერიული წნევა.

ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

-      ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი, ე.წ. ანტიანტებითი პრეპარატები (მაგ.: ინდომეტაცინი და იბუპროფენი);

-      ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების დროს);

-      კარბენოქსოლონი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის წყლულების დროს);

-      კორტიკოსტეროიდები, კორტიკოტროპინი (აკტჰ);

-      ზოგიერთი საფაღარათო საშუალება;

-      სოკოს საწინააღმდეგო ინექციები (ამფოტერიცინი);

-      ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი (აქვეითებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს);

-      ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);

-      პროკაინამიდინი, დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის რითმის დარღვევების დროს);

-      ციტოსტატიკური ან იმუნოსუპრესორული აგენტები (მაგ.: აზატიოპრინი და ციკლოფოსფამიდი);

-      კალციუმის მარილები;

-      მედიკამენტები, რომლებიც უმეტესად გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და მთOღ ინჰიბიტორების კლასის სხვა მედიკამენტები). იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”;

-      კალიუმის დანამატები ან მარილის შემცვლელები, რომლებიც შეიცავენ კალიუმს, დიურეტიკები (განსაკუთრებით, კალიუმის დამზოგველი აგენტები) და სხვა მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან კალიუმის რაოდენობას ორგანიზმში (მაგ.: ჰეპარინი და კო-ტრიმოქსაზოლი, ე.წ. ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი);

-      მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას სისხლძარღვების გაფართოებით (მაგ.: მინოქსიდილი);

-      კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს);

-      დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (ინსულინი და სხვა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები, მაგ.: სულფონშარდოვანა);

-      ფსიქოზური დარღვევების სამკურნალო მედიკამენტები და ზოგიერთი ძველი ანტიდეპრესანტები;

-      ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.

ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები:

თუ პაციენტი იღებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) ან ალისკირენს (იხ. აგრეთვე, ინფორმაცია პარაგრაფებში: “არ შეიძლება კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს კალიუმის დანამატებს ან იმყოფება კალიუმით მდიდარ დიეტაზე.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

ფეხმძიმობა

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ფეხმძიმობის (ან შესაძლო ფეხმძიმობის) შესახებ. ჩვეულებრივ, ფეხმძიმობის შემთხვევაში, მაშინათვე მკურნალი ექიმი შეწყვეტს მედიკამენტით მკურნალობას და მის ნაცვლად დანიშნავს სხვა მედიკამენტს. ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე და დაუშვებელია მისი მიღება 3 თვეზე მეტის ხნის ორსულობისას, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება.

ძუძუთი კვება

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს ან აპირებს მის ძუძუთი კვებას. არ არის რეკომენდებული მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისას, თუ პაციენტს აღენიშნება გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: გაბრუება, თავბრუსხვევა ან დაღლილობა. ეს სიმპტომები განსაკუთრებით ვითარდება მკურნალობის დაწყებისას, დოზის ცვლილებისას ან ალკოჰოლის მიღებისას.

კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას და ყვითელ- ნარინჯისფერ FჩF-ს

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.

მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რადგან შეიცავს აზო საღებავს ყვითელ-ნარინჯისფერს FჩF, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ასთმა, განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ ალერგიულ პაციენტებში.

კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი ამ მედიკამენტს ნიშნავს იმ შემთხვევაში, როცა მაღალი არტერიული წნევის წინამორბედი მკურნალობა არ იწვევს არტერიული წნევის ადექვატურ დაქვეითებას. ექიმი პაციენტს აუხსნის, თუ როგორ უნდა მოხდეს გადასვლა წინამორბედი მკურნალობიდან ამ მედიკამენტზე.

დოზირება

ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში (შეესაბამება 50 მგ კაპტოპრილს და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს). არ უნდა იქნას გადაჭარბებული მაქსიმალური დღიური დოზა - ერთი ტაბლეტი.

მიღების მეთოდი

ტაბლეტები განკუთვნილია მხოლოდ შიგნით მისაღებად.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგ.: ჭიქა წყალთან ერთად). მედიკამენტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. სასურველია, პაციენტმა მედიკამენტი მიიღოს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, უმჯობესია დილით. მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტის მიღება გაგრძელდეს, სანამ ექიმი არ შეცვლის დანიშნულებას.

გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის საშუალო ხარისხის დაზიანება, დიაბეტი, ან დაქვეითებული აქვს წყლისა და ელექტროლიტების დონე სისხლში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მედიკამენტის უფრო დაბალი დოზა, მაგ.: ნახევარი ტაბლეტი დღეში (შეესაბამება 25 მგ კაპტოპრილს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს).

ხანდაზმული პაციენტები

ექიმმა შეიძლება დანიშნოს მედიკამენტის უფრო დაბალი დოზა, მაგ.: ნახევარი ტაბლეტი დღეში (შეესაბამება 25 მგ კაპტოპრილს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს).

თუ პაციენტი ფირობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

ტაბლეტების დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს: ხშირი შარდვა, სისხლში ზოგიერთი კომპონენტის დონის ცვლილება, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა, ცნობიერების დაკარგვა (მატ შორის კომა), გულყრა, კუნთების სისუსტე, არარეგულარული ან შენელებული გულისცემა ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.

თუ პაციენტმა მიიღო დიდი რაოდენობით ტაბლეტები და გონება დაკარგა, საჭიროა მოთავსდეს წოლით მდგომარეობაში და ფეხები აწეულ იქნას თავზე მაღლა.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვებისას საჭიროა წამლის მიღება გახსენებისათანავე, იმავე დღეს. თუ იმავე დღეს პაციენტს არ გაახსენდა წამლის მიღება, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი დოზით მეორე დღეს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

შემთხვევით დოზის გამოტოვებისას, უნდა მოხდეს ჩვეულებრივი დოზის მიღება შემდეგ დღეს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

საჭიროა მედიკამენტის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქციები:

-      ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების ენის და/ან ხორხის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, ყელის ტკივილი ან ცხელება;

-      თავბრუსხვევა ან გულისწასვლა;

-      ძლიერი მუცლის ტკივილი;

-      უჩვეულოდ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;

-      სიყვითლე (მოყვითალო კანი/თვალები);

-      ნებისმიერი უეცარი, აუხნელი გენეზის კანის გამონაყარი ან წვა, აქერცვლა ან გაწითლება.

ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენები სიმძიმის დაქვეითების მიხედვით, რომლებიც აღინიშნა კაპტოპრილის და/ან სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღების დროს. გარდა ამისა, ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა ჰიდროქლორთიაზიდის მიღების დროს.

კაპტოპრილის, ასევე სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას აღნიშნული არახშირი გვერდითი მოვლენები (არაუმცირეს 100-დან 1 და 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

-      ძილის დარღვევები

-      გემოს დარღვევა, თავბრუსხვევა

-      მშრალი, გამაღიზიანებელი ხველა, სუნთვის გაძნელება

-      გულისრევა, ღებინება, კუჭის გაღიზიანება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, პირის სიმშრალე

-      დერმატოლოგიური პრობლემები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი კანზე და თმის ცვენა.

კაპტოპრილის, ასევე სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას აღნიშნული ხშირი გვერდითი მოვლენები (არაუმცირეს 1000-დან 1 და 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

-      გულის პრობლემები, როგორიცაა აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა, ტკივილი მკერდის არეში (სტენოკარდია), გულისცემის შეგრძნება;

-      დაბალი არტერიული წნევა, თითებში ცირკულაციის დარღვევა (რეინოს სინდრომი), წითელი ან ფერმკრთალი კანი;

-      ხელების, სახის, ტუჩების და ენის შეშუპება;

-      ტკივილი მკერდის არეში, დაღლილობა, უღონობა.

კაპტოპრილის, ასევე სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას აღნიშნული იშვიათი გვერდითი მოვლენები (არაუმცირეს 10,000-დან 1 და 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

-      მადის დაკარგვა (ანორექსია);

-      ძილიანობის შეგრძნება, თავის ტკივილი და უჩვეულო შეგრძნება კანზე, როგორიცაა წვა ან ქავილი;

-      პირის ღრუს დაზიანება, როგორიცაა წყლულები და ბუშტუკები;

-      გასტროინტესტინური ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიული რეაქცია, რომელიც გავლენას ახდენს ნაწლავებზე და იწვევს ძლიერ ტკივილს);

-      თირკმლის ფუნქციის დარღვევები, შარდის გამოყოფის დარღვევები.

კაპტოპრილის, ასევე სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას აღნიშნული ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (არაუმცირეს 10 000-დან 1 პაციენტში, მათ შორის ცალკეული შემთხვევები):

-      გვერდითი ეფექტები, რომლებიც მოქმედებენ სისხლსა და მის კომპონენტებზე, როგორიცაა:

-      ანემია;

-      ინფექცია, ყელის ტკივილი ან ცხელება ლეიკოციტების ნაკლებობის გამო, ან სისხლდენა;

-      სისხლის შედედების უნარის დარღვევა (თრომბოციტოპენია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა ან სისხლჩაქცევები.

-      ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია

-      გულისწასვლა, გონების დაკარგვა

-      მხედველობის დაბინდვა

-      მიოკარდიუმის ინფარქტი

-      სუნთქვის დარღვევები (მათ შორის):

-      სუნთქვის გაძნელება ან ხმაურიანი სუნთქვა;

-      ცხვირის გაჭედილობა ან გამონადენი ცხვირიდან, პნევმონიის ტიპი, რომელიც გამოწვეულია სისხლში ცვლილებებით ან სხვა მდგომარეობებით, რომელიც იწვევს ხველას, ცხელებას, ქოშინს ან ხმაურიან სუნთქვას.

-      ენის ანთება, კუჭის წყლული, პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს);

-      ღვიძლის დაავადება მათ შორის სიყვითლე, რომელიც იწვევს კანისა და თვალების გაყვითლებას, ჰეპატიტი;

-      კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა:

-      ალერგიული რეაქციები, რომელიც იწვევს კანის ქავილსა და სიწითლეს (ჭინჭრის ციება)

-      გამონაყარი მთელ სხეულზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)

-      ალერგიული გამონაყარი, რომელიც იწვევს კანზე ვარდისფერ ლაქებს შედარებით ღია ცენტრით (მულტიფორმული ერითემა)

-      სინათლეზე მგრძნობელობა

-      კანის სიწითლე (ერითროდერმია)

-      რეაქციები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ სითხით სავსე ბუშტუკების განვითარება (პემფიგოიდური რეაქციები)

-      კანის აქერცვლა (ექსფოლიატური დერმატიტი)

-      კუნთების და სახსრების ტკივილი;

-      თირკმლის პრობლემები;

-      იმპოტენცია, სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში;

-      ცხელება;

-      ლაბორატორიული ანალიზების შედეგების ცვლილებები.

ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები აღინიშნა ჰიდროქლორთიაზიდის, მედიკამენტის მეორე აქტიური ნივთიერების, მიღებისას:

-      სანერწყვე ჯირკვლების ანთება;

-      გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლსა და მის კომპონენტებზე და იწვევენ:

-      მათი ფუნქციის დაქვეითებას

-      დაღლილობას

-      ინფექციას

-      ყელის ტკივილს ან ცხელებას ლეიკოციტების ნაკლებობის გამო

-      სისხლის შედედების უნარის დაქვეითებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა ან სისხლჩაქცევა.

-      მადის დაქვეითება (ანორექსია), შარდში შაქარი, სისხლის კომპონენეტების ცვლილებები, როგორიცაა შაქრის, შარდმჟავას (პოდაგრა), ნატრიუმის, კალიუმის, ქოლესტერინის  და სხვა ლიპიდების მაღალი დონე სისხლში;

-      აგზნება, დეპრესია და ძილის დარღვევები;

-      ჩხვლეტის შეგრძნება და გაბრუება;

-      თვალისა და მხედველობის პრობლემები, როგორიცაა „ყვითელი მხედველობა“ და მხედველობის დაბინდვა. დაქვეითებული მხედველობა ან ტკივილი თვალებში მაღალი არტერიული წნევის გამო [თვალის სისხლარღვოვან გარსში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული ეფუზია) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა];

-      თავბრუსხვევა;

-      დაბალი არტერიული წნევა, გულის პრობლემები, როგორიცაა არარეგულარული პულსი, ცირკულაციის პრობლემები;

-      ცირკულატორული პრობლემები, როგორიცაა ვენების ანთება, მათ შორის კანისა და სხვა ორგანოების (ანგიიტი);

-      ფილტვისა და სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა ქოშინი;

-      კუჭის გაღიზიანება, დიარეა, ყაბზობა, პანკრეატიტი;

-      სიყვითლე (კანისა და თვალების სიყვითლე);

-      კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა:

-      სინათლეზე მგრძნობელობა

-      გამონაყარი

-      ცხვირის ირგვლივ და ლოყებზე გამონაყარი, წითელი, პეპლის ფორმის ლაქებით (მგლურასა და მგლურას მსგავსი დარღვევები)

-      ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ კანის ქავილსა და სიწითლეს (ჭინჭრის ციება)

-      ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი ჰიპერრეაქცია (ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები);

-      კუნთების სპაზმები;

-      თირკმელების პრობლემები;

-      ცხელება, სისუსტე;

-      კანისა და ტუჩის კიბო (არამელანომური კანის კიბო).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. 

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება არაუმეტეს 30°C-ზე ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ შIGღE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა კაპტოპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ კაპტოპრილსა და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A) (მიღებულია კარტოფილისაგან), ყვითელ-ნარინჯისფერი (E-110) და სტეარის მჟავა

კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ფორმა და შეფუთვა

კაპტოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი მოწოდებულია ნარინჯისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტებით, რომლებსაც აქვთ გამყოფი ხაზი და აღნიშვნა „ჩ“ და „H“ ცალ მხარეს.

ტაბლეტი იყოფა ორ თანაბრ ნაწილად.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს პვქ-ალუმინის ბლისტერებზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy