ლევეგეტი - Leveget 750მგ 30 ტაბლეტი

31,50 GEL
მარაგშია
SKU
95954_2708

გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ.

ლევეგეტი

ლევეტირაცეტამი ტაბლეტებიUSP 

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 500 მგ, 750 მგ და 1000 მგ

აღწერა

ლევეგეტი (ლევეტირაცეტამი) წარმოადგენს პირაცეტამის ანალოგს. ლევეტირაცეტამის, ერთადერთი ენანტიომერის, ქიმიური სახელწოდება არის (−)-(S)-α-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინაცეტამიდი. მისი მოლეკულური ფორმულა არის C8H14N2O2და სტრუქტურული ფორმულა არის:

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ლევეგეტი (ლევეტირაცეტამი) განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის, როგორც:

1) ლევეგეტი ტაბლეტები 500 მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

ლევეტირაცეტამი USP...500 მგ

2) ლევეგეტი ტაბლეტები 750 მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

ლევეტირაცეტამი USP...750 მგ

3) ლევეგეტი ტაბლეტები 1000 მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

ლევეტირაცეტამი USP...1000 მგ

კლინიკური ფარმაკოლოგია

მოქმედების მექანიზმი

ლევეტირაცეტამის მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ მთლიანად არ არის გარკვეული. In vitro და in vivo ექსპერიმენტები მიუთითებს, რომ ლევეტირაცეტამი არ ცვლის უჯრედების ძირითად მახასიათებლებს და ნორმალურ ნეიროტრანსმისიას.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ლევეტირაცეტამი გავლენას ახდენს Ca2+-ის ინტრანეირონულ დონეზე N-ტიპის Ca 2+ დინებების ნაწილობრივი ინჰიბირებით და ინტრანეირონული მარაგებიდან Ca2+-ის გამოთავისუფლების შემცირებით. გარდა ამისა, იგი ნაწილობრივ არევერსებს თუთიისა და β-კარბოლინების მიერ ინდუცირებულ GABA- და გლიცინ–დამოკიდებული დინებების შემცირებას. გარდა ამისა, in vitro კვლევებში ნაჩვენებია, რომ ლევეტირაცეტამი უკავშირდება მღრღნელების ტვინის ქსოვილში არსებულ სპეციფიკურ მონაკვეთს. დაკავშირების ეს ადგილი წარმოადგენს სინაფსური ვეზიკულის 2A პროტეინს, რომელიც, სავარაუდოდ, ჩართულია ვეზიკულების შერწყმასა და ნეიროტრანსმიტერების ეგზოციტოზში. ლევეტირაცეტამი და მასთან დაკავშირებული ანალოგები აჩვენებენ აფინურობის რიგითობას სინაფსური ვეზიკულის პროტეინ 2A-სთან შეკავშირებისას, რაც კორელირებს თაგვების ეპილეფსიის აუდიოგენურ მოდელში მათი კრუნჩხვის საწინააღმდეგო პროტექციის ეფექტურობასთან. ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ ლევეტირაცეტამსა და სინაფსური ვეზიკულის პროტეინ 2A-ს შორის ურთიერთქმედება, როგორც ჩანს, ხელს უწყობს სამკურნალო პროდუქტის მოქმედების ანტიეპილეფსიურ მექანიზმს.

ფარმაკოკინეტიკა

მოზრდილები და მოზარდები

აბსორბცია

ლევეტირაცეტამი სწრაფად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ. პერორალური მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა უახლოვდება 100%-ს. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 1.3 საათის შემდეგ. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა დღეში ორჯერ მიღების სქემის ორი დღის შემდეგ. პიკური კონცენტრაციები (Cmax) ჩვეულებრივ შეადგენს 31 და 43 მკგ/მლ 1,000 მგ ერთჯერადი დოზის და 1,000 მგ დღეში ორჯერ განმეორებითი დოზის შემდეგ, შესაბამისად. აბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე და არ იცვლება საკვების მიღებისას.

განაწილება

ადამიანებში ქსოვილებში განაწილების მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. არც ლევეტირაცეტამი და არც მისი ძირითადი მეტაბოლიტი მნიშვნელოვნად არ უკავშირდება პლაზმის ცილებს (<10%). ლევეტირაცეტამის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0.5-დან 0.7 ლ/კგ-მდე, რაც ახლოსაა სხეულის წყლის საერთო მოცულობასთან.

ბიოტრანსფორმაცია

ლევეტირაცეტამი ინტენსიურად არ მეტაბოლიზდება ადამიანებში. ძირითადი მეტაბოლური გზა (დოზის 24%) არის აცეტამიდის ჯგუფის ფერმენტული ჰიდროლიზი. ძირითადი მეტაბოლიტის, ucb L057, პროდუქცია არ არის მხარდაჭერილი ღვიძლის ციტოქრომ P450 იზოფორმებით. აცეტამიდის ჯგუფის ჰიდროლიზი გაზომვადი იყო დიდი რაოდენობით ქსოვილებში, მათ შორის სისხლის უჯრედებში. მეტაბოლიტი ucb L057 ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.

ასევე გამოვლინდა ორი უმნიშვნელო მეტაბოლიტი. ერთი მიღებულია პიროლიდონის რგოლის ჰიდროქსილირებით (დოზის 1.6%) და მეორე – პიროლიდონის რგოლის გახსნით (დოზის 0.9%).

სხვა დაუდგენელი კომპონენტები შეადგენდნენ დოზის მხოლოდ 0.6%-ს.

არც ლევეტირაცეტამისთვის და არც მისი ძირითადი მეტაბოლიტისთვის in vivo არ გამოვლენილა ენანტიომერული ინტერკონვერსია.

In vitro ნაჩვენებია, რომ ლევეტირაცეტამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი არ აინჰიბირებს ადამიანის ღვიძლის ციტოქრომ P450-ის ძირითადი იზოფორმების (CYP3A4, 2A6, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 1A2), გლუკურონილტრანსფერაზას (UGT1A1 და UGT1A6) და ეპოქსიდჰიდროქსილაზას აქტივობას. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი არ ახდენს გავლენას in vitro ვალპროის მჟავას გლუკურონიდაციაზე.

ადამიანის ჰეპატოციტების კულტურაში ლევეტირაცეტამს ჰქონდა მცირე ეფექტი ან საერთოდ არანაირი ეფექტი CYP1A2, SULT1E1 ან UGT1A1-ზე. ლევეტირაცეტამმა გამოიწვია CYP2B6 და CYP3A4-ს მსუბუქი ინდუქცია.

In vitro მონაცემები და in vivo ურთიერთქმედების მონაცემები პერორალურ კონტრაცეპტივებზე, დიგოქსინსა და ვარფარინზე მიუთითებს, რომ ფერმენტის მნიშვნელოვანი ინდუქცია in vivo არ არის მოსალოდნელი. ამიტომ, ლევეტირაცეტამის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან, ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.

ელიმინაცია

პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში იყო 7±1 საათი და არ იცვლებოდა არც დოზის, არც მიღების გზის მიხედვით და არც განმეორებით მიღებისას. სხეულის საერთო კლირენსი იყო 0.96 მლ/წთ/კგ. გამოყოფის ძირითადი გზა – შარდით, რაც შეადგენს დოზის საშუალოდ 95%-ს (დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში). განავლით გამოყოფა შეადგენდა დოზის მხოლოდ 0.3%-ს.

ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი მეტაბოლიტის კუმულაციური გამოყოფა შარდით შეადგენდა დოზის 66%-ს და 24%-ს, შესაბამისად, პირველი 48 საათის განმავლობაში.

ლევეტირაცეტამის და ucb L057-ის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 0.6 და 4.2 მლ/წთ/კგ, შესაბამისად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლევეტირაცეტამი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით შემდგომ მილაკოვანი რეაბსორბციით, და რომ ძირითადი მეტაბოლიტი ასევე გამოიყოფა აქტიური მილაკოვანი სეკრეციის გზით გლომერული სეკრეციის გარდა. ლევეტირაცეტამის ელიმინაცია კორელირებს კრეატინინის კლირენსთან.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 40%-ით (10-დან 11 საათამდე). ეს დაკავშირებულია ამ პოპულაციაში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან.

ირკმლის უკმარისობა

როგორც ლევეტირაცეტამის, ისე მისი ძირითადი მეტაბოლიტის მოჩვენებითი კლირენსი ორგანიზმიდან კორელირებს კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ რეკომენდებულია ლევეტირაცეტამის შემანარჩუნებელი დღიური დოზის კორექტირება კრეატინინის კლირენსის გათვალსწინებით თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობის ანურიული ტერმინალური სტადიის მქონე მოზრდილ სუბიექტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 25 და 3.1 საათს ინტერდიალიზური და ინტრადიალიზური პერიოდების განმავლობაში, შესაბამისად. ლევეტირაცეტამის ფრაქციული გამოდევნა შეადგენდა 51%-ს ტიპიური 4-საათიანი დიალიზის სეანსის დროს.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში, ლევეტირაცეტამის კლირენსის მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია არ აღინიშნა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტების უმეტესობაში ლევეტირაცეტამის კლირენსი შემცირებული იყო 50%-ზე მეტით თირკმლის თანმხლები უკმარისობის გამო.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვები (4-დან 12 წლამდე)

ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში (6-დან 12 წლამდე) ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ (20 მგ/კგ), ლევეტირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 6.0 საათს. სხეულის წონაზე კორექტირებული მოჩვენებითი კლირენსი იყო დაახლოებით 30%-ით უფრო მაღალი, ვიდრე ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში.

ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში (4-დან 12 წლამდე) განმეორებითი პერორალური დოზის მიღების შემდეგ (20-დან 60 მგ-მდე/კგ/დღეში) ლევეტირაცეტამი სწრაფად აბსორბირდებოდა. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია აღინიშნა მიღებიდან 0.5-1.0 საათში. ხაზოვანი და დოზის პროპორციული მატება დაფიქსირდა პლაზმის პიკური კონცენტრაციისა და მრუდის ქვეშ არსებული ფართობისთვის. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 5 საათს. სხეულის მოჩვენებითი კლირენსი იყო 1.1 მლ/წთ/კგ.

ჩვილები და ბავშვები (1 თვიდან 4 წლამდე)

ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებს (1 თვიდან 4 წლამდე) 100 მგ/მლ პერორალური ხსნარის ერთჯერადი დოზის (20 მგ/კგ) მიღების შემდეგ ლევეტირაცეტამი სწრაფად აბსორბირდებოდა და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია იყო დაფიქსირებული მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. ფარმაკოკინეტიკური შედეგები აჩვენებდა, რომ ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანმოკლე იყო (5.3 სთ), ვიდრე მოზრდილებში (7.2 სთ) და მოჩვენებითი კლირენსი იყო უფრო სწრაფი (1.5 მლ/წთ/კგ), ვიდრე მოზრდილებში (0.96 მლ/წთ/კგ).

პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში, რომელიც ჩატარდა 1 თვიდან 16 წლამდე ასაკის პაციენტებში, სხეულის წონა მნიშვნელოვნად კორელირებდა მოჩვენებით კლირენსთან (კლირენსი იზრდებოდა სხეულის წონის მატებასთან ერთად) და განაწილების მოჩვენებით მოცულობასთან. ასაკმა ასევე გავლენა მოახდინა ორივე პარამეტრზე. ეს ეფექტი გამოხატული იყო უმცროსი ასაკის ჩვილების შემთხვევაში და მცირდებოდა ასაკის მატებასთან ერთად, და გახდა უმნიშვნელო დაახლოებით 4 წლის ასაკში.

ორივე პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზისას აღინიშნა ლევეტირაცეტამის მოჩვენებითი კლირენსის დაახლოებით 20%-იანი ზრდა, მისი ერთდროული მიღებისას ფერმენტის მაინდუცირებელ ანტიეპილეფსიურ სამკურნალო საშუალებებთან.

თერაპიული ჩვენებები

ლევეტირაცეტამი ნაჩვენებია მონოთერაპიის სახით მეორადი გენერალიზაციით ან გენერალიზაციის გარეშე მიმდინარე პარციალური გულყრების მკურნალობის დროს მოზრდილებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში ახლად დიაგნოზირებული ეპილეფსიით.

ლევეტირაცეტამი ნაჩვენებია როგორც დამატებითი თერაპია

• მეორადი გენერალიზაციით ან გენერალიზაციის გარეშე მიმდინარე პარციალური გულყრების მკურნალობის დროს მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებსა და ჩვილებში ეპილეფსიით 1 თვის ასაკიდან.

• მიოკლონური კრუნჩხვების მკურნალობისას მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან იუვენილური მიოკლონიით

• პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების მკურნალობისას მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით.

დოზირება და მიღების წესი

პარციალური გულყრები

მონოთერაპიის (16 წლის ასაკიდან) და დამატებითი თერაპიის დროს რეკომენდებული დოზა არის იგივე, რაც ქვემოთ არის აღწერილი.

ყველა ჩვენება

50 კგ ან მეტი წონის მქონე მოზრდილები (≥ 18 წელი) და მოზარდები (12-დან 17 წლამდე).

საწყისი თერაპიული დოზა არის 500 მგ ორჯერ დღეში. ამ დოზის დაწყება შესაძლებელია მკურნალობის პირველ დღეს. თუმცა, უფრო დაბალი საწყისი დოზა 250 მგ დღეში ორჯერ შეიძლება მიცემულ იქნეს პოტენციურ გვერდით ეფექტებთან შედარებით კრუნჩხვების შემცირების ექიმის მიერ შეფასების საფუძველზე. ორი კვირის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე ორჯერ დღეში.

კლინიკური პასუხისა და ტოლერანტობის მიხედვით, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 1,500 მგ-მდე დღეში ორჯერ. დოზის ცვლილება შეიძლება განხორციელდეს 250 მგ ან 500 მგ დღეში ორჯერ გაზრდით ან შემცირებით ყოველ ორ-ოთხ კვირაში.

50 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე მოზარდები (12-დან 17 წლამდე) და ბავშვები 1 თვის ასაკიდან

ექიმმა უნდა დანიშნოს ყველაზე შესაფერისი ფარმაცევტული ფორმა, გამოშვების ფორმა და დოზირება წონის, ასაკისა და დოზის მიხედვით.

შეწყვეტა

როდესაც ლევეტირაცეტამის მიღება უნდა შეწყდეს, რეკომენდებულია მისი თანდათანობით მოხსნა (მაგ., მოზრდილებში და 50 კგ-ზე მეტი წონის მოზარდებში:

შემცირება 500 მგ-ით ორჯერ დღეში ყოველ ორ-ოთხ კვირაში; 6 თვეზე უფროსი ასაკის ჩვილებში, ბავშვებში და მოზარდებში 50 კგ-ზე ნაკლები წონით: დოზის შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/კგ ორჯერ დღეში ყოველ ორ კვირაში; ჩვილებში (6 თვეზე ნაკლები ასაკის): დოზის შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 7 მგ/კგ ორჯერ დღეში ყოველ ორ კვირაში).

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები (65 წლის და უფროსი)

ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით რეკომენდებულია დოზის კორექცია.

თირკმლის უკმარისობა

დღიური დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად თირკმლების ფუნქციის მიხედვით.

მოზრდილი პაციენტების შემთხვევაში მიმართეთ შემდეგ ცხრილს და შეცვალეთ დოზა მითითებულის შესაბამისად.

ჯგუფი

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1,73 მ2)

დოზა და სიხძშირე

ნორმალური

≥ 80

500-დან 1,500 მგ-მდე დღეში ორჯერ

მსუბუქი

50-79

500-დან 1,000 მგ-მდე დღეში ორჯერ

ზომიერი

30-49

250-დან 750 მგ-მდე დღეში ორჯერ

მძიმე

< 30

250-დან 500 მგ-მდე დღეში ორჯერ

თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტები, რომლებიც გადიან დიალიზს (1)

-

500-დან 1,000 მგ-მდე დღეში ერთხელ (2)

(1) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია 750 მგ დატვირთვის დოზა.

(2) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია 250-დან 500 მგ-მდე დამატებითი დოზა.

თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებისთვის ლევეტირაცეტამის დოზის კორექტირება საჭიროა თირკმლის ფუნქციის მიხედვით, რადგან ლევეტირაცეტამის კლირენსი დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციასთან.

ჯგუფი

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1,73 მ2)

დოზა და სიხძშირე (1)

ჩვილები 1-დან 6 თვემდე

6-დან 23 თვემდე ჩვილები, 50 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები და მოზარდები

 

ნორმალური

≥ 80

7-დან 21 მგ/კგ-მდე (0.07-დან 0.21 მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

10-დან 30 მგ/კგ-მდე (0.10-დან 0.30 მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

 

მსუბუქი

50-79

7-დან 14 მგ/კგ-მდე (0.07-დან 0.14 მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

10-დან 20 მგ/კგ-მდე (0.10-დან 0.20 მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

 

ზომიერი

30-49

3.5-დან 10.5 მგ/კგ-მდე (0.035-0.105 მლ/კგ) ორჯერ დღეში

5-დან 15 მგ/კგ-მდე (0.05-დან 0.15 მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

 

მძიმე

< 30

3.5-დან 7 მგ/კგ-მდე (0.035-დან 0.07მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

5-დან 10 მგ/კგ-მდე (0.05-დან 0.10 მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

 

თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტები, რომლებიც გადიან დიალიზს

--

7-დან 14 მგ/კგ-მდე (0.07-დან 0.14 მლ/კგ-მდე) ერთხელ დღეში (2) (4)

10-დან 20 მგ/კგ-მდე (0.10-დან 0.20 მლ/კგ-მდე) ერთხელ დღეში (3) (5)

 

 

1) ლევეტირაცეტამის პერორალური ხსნარი უნდა იქნეს გამოყენებული 250 მგ-ზე ნაკლები დოზებისას, დოზებისთვის, რომლებიც არ არის 250 მგ-ის ჯერადი, როდესაც დოზირების რეკომენდაცია არ მიიღწევა დაყოფილი ტაბლეტის მიღებით და პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა.

(2) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია 10.5 მგ/კგ (0.105 მლ/კგ) დატვირთვის დოზა.

(3) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია 15 მგ/კგ (0.15 მლ/კგ) დატვირთვის დოზა.

(4) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია 3.5-დან 7 მგ/კგ-მდე (0.035-დან 0.07 მლ/კგ-მდე) დამატებითი დოზა.

(5) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია 5-დან 10 მგ/კგ-მდე (0.05-დან 0.10 მლ/კგ-მდე) დამატებითი დოზა.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსი შეიძლება არასაკმარისი იყოს თირკმლის უკმარისობის შესაფასებლად. ამიტომ რეკომენდებულია ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზის 50%-ით შემცირება, როდესაც კრეატინინის კლირენსი არის < 60 მლ/წთ/1.73 მ2.

პედიატრიული პოპულაცია

ტაბლეტის ფორმა არ არის ადაპტირებული ჩვილებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. გარდა ამისა, ტაბლეტების ხელმისაწვდომი დოზის სიძლიერე არ არის ხელმისაწვდომი 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში საწყისი მკურნალობისთვის, იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა ან 250 მგ-ზე ნაკლები დოზების მიღებისთვის. ლევეტირაცეტამის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში მონოთერაპიის მკურნალობის სახით დადგენილი არ არის.

მიღების წესი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები უნდა იქნეს მიღებული პერორალურად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად გადაყლაპვით და შეიძლება მიღებულ იქნეს საკვებთან ერთად ან მის გარეშე. პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება იგრძნობოდეს ლევეტირაცეტამის მწარე გემო. სადღეღამისო დოზა მიიღება ორი თანაბრად გაყოფილი დოზით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პიროლიდონის სხვა წარმოებულების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გვერდითი რეაქციები

ძალიან ხშირი: ნაზოფარინგიტი, ძილიანობა და თავის ტკივილი.

ხშირი: ანორექსია, დეპრესია, მტრობა/აგრესია, შფოთვა, უძილობა, ნერვიულობა/გაღიზიანება, კრუნჩხვები, წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ლეთარგია, ტრემორი, ვერტიგო, ხველა, მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია, ღებინება, გულისრევა, გამონაყარი და ასთენია/დაღლილობა.

არახშირი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, წონის კლება, წონის მატება, სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები, ფსიქოზური აშლილობა, ქცევითი დარღვევები, ჰალუცინაციები, ბრაზი, დაბნეულობა, პანიკური შეტევა, ემოციური არასტაბილურობა/განწყობის ცვალებადობა, აგზნება, ამნეზია, მეხსიერების დაქვეითება, კოორდინაციის დარღვევა/ატაქსია, პარესთეზია, ყურადღების დარღვევა, დიპლოპია, მხედველობის დაბინდვა, ღვიძლის ფუნქციური ტესტის ნორმიდან გადახრა, ალოპეცია, ეგზემა, ქავილი, კუნთების სისუსტე, მიალგია და ტრავმები.

იშვიათი: ინფექცია, პანციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოპენია, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), ჰიპერმგრძნობელობა (ანგიონევროზული შეშუპებისა და ანაფილაქსიის ჩათვლით), ჰიპონატრიემია, დასრულებული სუიციდი, პიროვნული აშლილობა, აზროვნების დარღვევა, დელირიუმი, ქორეატეტოზი, დისკინეზია, ჰიპერკინეზია, სიარულის დარღვევა, ენცეფალოპათია, კრუნჩხვების გამწვავება, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, თირკმლის მწვავე დაზიანება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, რაბდომიოლიზი და სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლევეტირაცეტამის შეყვანამ შეიძლება მოითხოვოს დოზის კორექცია. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, დოზის შერჩევამდე რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შეფასება.

თირკმლის მწვავე დაზიანება

ლევეტირაცეტამის გამოყენება ძალიან იშვიათად ასოცირდება თირკმლის მწვავე დაზიანებასთან, რომლის განვითარების დრო რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე მერყეობს.

სისხლის უჯრედების რაოდენობა

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირების იშვიათი შემთხვევები (ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და პანციტოპენია) აღწერილია ლევეტირაცეტამის მიღებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, მკურნალობის დასაწყისში. რეკომენდებულია სისხლის უჯრედების სრული ანალიზი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მნიშვნელოვანი სისუსტე, პირექსია, მორეციდივე ინფექციები ან კოაგულაციის დარღვევები.

სუიციდი

სუიციდის, სუიციდის მცდელობის, სუიციდური აზრებისა და ქცევის შესახებ აღწერილია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით (მათ შორის ლევეტირაცეტამით). ამიტომ პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ დეპრესიის და/ან სუიციდური აზრებისა და ქცევის ნიშნებზე და უნდა იქნეს განხილული შესაბამისი მკურნალობა. პაციენტებს (და პაციენტების მომვლელებს) მიეცემათ რჩევა, რომ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდება დეპრესიის და/ან სუიციდური აზრების ან ქცევის ნიშნები.

არანორმალური და აგრესიული ქცევები

ლევეტირაცეტამმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზური სიმპტომები და ქცევითი დარღვევები, მათ შორის გაღიზიანება და აგრესიულობა. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ლევეტირაცეტამით, უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ ფსიქიატრიული ნიშნების განვითარებაზე, რომლებიც მიუთითებენ განწყობის და/ან პიროვნების მნიშვნელოვან ცვლილებებზე. თუ შეინიშნება ასეთი ქცევები, უნდა განიხილებოდეს მკურნალობის ადაპტირება ან თანდათანობით შეწყვეტა.

კრუნჩხვების გაუარესება

ისევე როგორც სხვა სახის ანტიეპილეფსიური საშუალებების შემთხვევაში, ლევეტირაცეტამმა შეიძლება იშვიათად გააძლიეროს კრუნჩხვების სიხშირე ან სიმძიმე. ეს პარადოქსული ეფექტი ძირითადად აღინიშნა ლევეტირაცეტამის დაწყებიდან ან დოზის გაზრდიდან პირველი თვის განმავლობაში და შექცევადი იყო პრეპარატის შეწყვეტის ან დოზის შემცირებისას.

ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება

ლევეტირაცეტამით მკურნალობისას გამოვლინდა ეკგ QT ინტერვალის გახანგრძლივების იშვიათი შემთხვევები. ლევეტირაცეტამი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QTc ინტერვალის გახანგრძლივება, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ პრეპარატებით, რომლებიც გავლენას ახდენენ QTc-ინტერვალზე, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ადრე არსებული გულის დაავადება ან ელექტროლიტური დარღვევები.

პედიატრიული პოპულაცია

ტაბლეტის ფორმა არ არის ადაპტირებული ჩვილებისა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. ბავშვებში არსებული მონაცემები არ მიუთითებს ზემოქმედებაზე ზრდასა და პუბერტატულ გაანვითარებაზე. თუმცა, ბავშვებში სწავლის, ინტელექტის, ზრდის, ენდოკრინული ფუნქციის, პუბერტატული გაანვითარებისა და შვილოსნობის პოტენციალის მხრივ გრძელვადიანი ეფექტები უცნობია.

წამლისმიერი ურთიერთქმედება

ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებები

მოზრდილებში ჩატარებული კლინიკური კვლევების პრე-მარკეტინგული მონაცემები მიუთითებს, რომ ლევეტირაცეტამი არ ახდენს გავლენას არსებული ანტიეპილეფსიური მედიკამენტების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა, ფენობარბიტალი, ლამოტრიგინი, გაბაპენტინი და პრიმიდონი) შრატში კონცენტრაციაზე და რომ ეს ანტიეპილეფსიური საშუალებები არ ახდენდა გავლენას ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე. მოზრდილების მსგავსად, არ არსებობს სამკურნალო პრეპარატების კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების მტკიცებულება პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევეტირაცეტამს 60 მგ/კგ/დღეში.

პრობენეციდი

ნაჩვენებია, რომ პრობენეციდი (500 მგ ოთხჯერ დღეში), თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის მაბლოკირებელი საშუალება, თრგუნავს ძირითადი მეტაბოლიტის თირკმლისმიერ კლირენსს, მაგრამ არა ლევეტირაცეტამის. მიუხედავად ამისა, ამ მეტაბოლიტის კონცენტრაცია ნარჩუნდება.

მეტოტრექსატი

ცნობილია, რომ ლევეტირაცეტამის და მეტოტრექსატის ერთდროული მიღება ამცირებს მეტოტრექსატის კლირენსს, რაც იწვევს სისხლში მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდას/გახანგრძლივებას პოტენციურად ტოქსიკურ დონემდე. სისხლში მეტოტრექსატის და ლევეტირაცეტამის დონეები გულდასმით უნდა შემოწმდეს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ ამ ორი პრეპარატით.

პერორალური კონტრაცეპტივები და სხვა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

ლევეტირაცეტამი 1,000 მგ დღეში არ ახდენს გავლენას პერორალური კონტრაცეპტივების (ეთინილ-ესტრადიოლი და ლევონორგესტრელი) ფარმაკოკინეტიკაზე; ენდოკრინული პარამეტრები (მალუტეინიზირებელი ჰორმონი და პროგესტერონი) არ შეცვლილა. ლევეტირაცეტამი 2,000 მგ დღეში არ ახდენს გავლენას დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე; პროთრომბინის დრო არ შეცვლილა. დიგოქსინთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან და ვარფარინთან ერთდროულმა გამოყენებამ არ მოახდინა გავლენა ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.

საფაღარათო საშუალებები

იყო ცალკეული შეტყობინებები ლევეტირაცეტამის ეფექტურობის შემცირების შესახებ, როდესაც ოსმოსური საფაღარათო საშუალება მაკროგოლი ერთდროულად შეყვანილი იყო პერორალურ ლევეტირაცეტამთან. ამიტომ ლევეტირაცეტამის მიღებამდე ერთი საათით ადრე და მისი მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში მაკროგოლის პერორალურად მიღება არ შეიძლება.

საკვები და ალკოჰოლი

ლევეტირაცეტამის აბსორბციის ხარისხი არ იცვლებოდა საკვების მიღებით, მაგრამ შეწოვის სიჩქარე ოდნავ შემცირდა. არ არსებობს მონაცემები ლევეტირაცეტამის ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა

ლევეტირაცეტამის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს, თუ საგულდაგულო ​​შეფასების შემდეგ ის განიხილება, როგორც კლინიკურად საჭირო. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. ორსულობის დროს ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ლევეტირაცეტამის კონცენტრაციაზე. ორსულობისას აღინიშნა ლევეტირაცეტამის პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება. ეს შემცირება უფრო გამოხატულია მესამე ტრიმესტრში (ორსულობამდე არსებული საწყისი კონცენტრაციის 60%-მდე). უზრუნველყოფილი უნდა იყოს ლევეტირაცეტამით ნამკურნალები ორსული ქალების შესაბამისი კლინიკური მენეჯმენტი.

მეძუძური დედები

ლევეტირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული. თუმცა, თუ ლევეტირაცეტამით მკურნალობა საჭიროა ძუძუთი კვების დროს, მკურნალობის სარგებელი/რისკი უნდა შეფასდეს ძუძუთი კვების მნიშვნელობის გათვალისწინებით.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მმექანიზმების გამოყენების უნარზე

ლევეტირაცეტამი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან დაღლილობა.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ლევეტირაცეტამის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნა ძილიანობა, აგზნება, აგრესია, ცნობიერების დაქვეითება, რესპირატორული დეპრესია და კომა.

ჭარბი დოზირების მართვა

მწვავე ჭარბი დოზირების შემდეგ კუჭის დაცლა შესაძლებელია კუჭის ამორეცხვით ან ღებინების გამოწვევით. ლევეტირაცეტამის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომური იქნება და შეიძლება მოიცავდეს ჰემოდიალიზს. დიალიზატორში ექსტრაქციის ეფექტურობა შეადგენს 60%–ს ლევეტირაცეტამისთვის და 74%–ს ძირითადი მეტაბოლიტისთვის.

შენახვა

არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

დაიცავით სინათლისგან და ნესტისაგან.

ვარგისობის ვადა ეხება პროდუქტს, რომელიც სწორად არის შენახული მოთხოვნილ პირობებში.

როგორ არის მიწოდებული

ლევეგეტი (ლევეტირაცეტამი) ტაბლეტები 500 მგ ხელმისაწვდომია 30 ცალი ბლისტერულ შეფუთვაში.

ლევეგეტი (ლევეტირაცეტამი) ტაბლეტები 750 მგ ხელმისაწვდომია 30 ცალი ბლისტერულ შეფუთვაში.

ლევეგეტი (ლევეტირაცეტამი) ტაბლეტები 1000 მგ ხელმისაწვდომია 30 ცალი ბლისტერულ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ შინაარსი.

ეს ფურცელი–ჩანართი მუდმივად განახლდება დროდადრო.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიII,გაიცემაფორმა№3რეცეპტით

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy