ლამიქტალი - Lamictal DC 100მგ საღეჭი 30 ტაბლეტი
ჩვენება: ანტიეპილეფსიური საშუალება.
ლამიქტალიDC 100 მგ ხსნადი/დასაღეჭი ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
- აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ლამოტრიჯინს.
- დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, დაბალჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის ალუმოსილიკატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K30, ნატრიუმის საქარინი, მოცხრის არომატი, მაგნიუმის სტეარატი, გაწმენდილი წყალი.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
1. რა არის ლამიქტალი და რისთვის გამოიყენება?
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ლამიქტალისგამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ლამიქტალი?
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
5. ლამიქტალის შენახვა
1. რა არის ლამიქტალი და რისთვის გამოიყენება?
ლამიქტალი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც იყენებენ ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგოდ. ტაბლეტი არის თეთრი-მოთეთრო ფერის, მოცხრის სუნით, ნაჭდევის გარეშე, ოდნავ მომრგვალებული კუთხეებით, ცალ მხარეს აქვს გრავირება „GSCL7“, მეორე მხარეს - წარწერა „100“. ტაბლეტს შესაძლებელია ჰქონდეს ბაცი ლაქები. თითოეულ კოლოფში ბავშვებისგან დაცულ ბლისტერში მოთავსებულია 30 ტაბლეტი.
ლამიქტალი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- 2-12 წლის ბავშვებში გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად ეპილეფსიის სამკურნალოდ, პარციალური გულყრების დროს და გენერალიზებული გულყრების დროს, რომელიც მოიცავს ტონურ-კლონურ გულყრებს (შეტევა, რომელიც მიმდინარეობს კრუნჩხვით და კანკალით) და ლენოქს-გასტოს სინდრომთან (ეპილეფსიის განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც აღინიშნება გულყრის რამდენიმე ტიპი) დაკავშირებულ გულყრებს. მას შემდეგ, რაც გულყრები დაექვემდებარება კონტროლს, შესაძლებელია გაგრძელდეს მონოთერაპიის სახით გამოყენება.
- 2-12 წლის ბავშვებში გამოიყენება მონოთერაპიის სახით ეპილეფსიური გულყრის სახეობის - აბსანსის ტიპის გულყრის (გულყრა, რომელსაც ახასიათებს უეცრად დაწყება და შეწყვეტა) სამკურნალოდ.
- 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად ან მონოთერაპიის სახით ეპილეფსიის სამკურნალოდ, პარციალური გულყრების დროს და გენერალიზებული გულყრების დროს, რომელიც მოიცავს ტონურ-კლონურ გულყრებს და ლენოქს-გასტოს სინდრომთან დაკავშირებულ გულყრებს.
- 18 წლის და მეტი ასაკის მოზრდილებში გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ლამიქტალის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ლამიქტალი შემდეგ შემთხვევებში
- თუ გაქვთ ალეგია ლამოტრიჯინზე და ლამიქტალის სხვა რომელიმე კომპონენტზე (იხილეთ, გამოყენების ინსტრუქციის დასაწყისში დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი).
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ლამიქტალი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში ლამიქტალის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ გაქვთ თირკმლის ნებისმიერი პრობლემა;
- თუ ადრე ლამოტრიჯინის ან ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის სამკურნალო სხვა პრეპარატის გამოყენების შემდეგ გამოვლინდა გამონაყარი ;
- თუ ლამოტრიჯინის მიღების და მზის ან ხელოვნური სინათლის (მაგალითად, სოლარიუმი) ზემოქმედების შემდეგ კანზე განვითარდა გამონაყარი ან მზით დამწვრობა . თქვენი ექიმი შეამოწმებს მკურნალობას და შესაძლებელია გირჩიოთ მზის სინათლისგან მორიდება ან მზისგან თავის დაცვა (მაგალითად, მზისგან დამცავი კრემის გამოყენება და/ან დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა).
- თუ ლამოტრიჯინის მიღების პერიოდში გადაიტანეთ მენინგიტი (ტვინის გარსების ანთება) (ამ სიმპტომების განმარტება იხილეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის მე-4 თავში სათაურით იშვიათი გვერდითი რეაქციები);
- თუ იყენებთ ლამოტრიჯინის შემცველ სხვა პრეპარატებს;
- თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელსაც უწოდებენ „ბრუგადას სინდრომს“ ან გაქვთ გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემა. ბრუგადას სინდრომი არის გენეტიკური დავადება, რომელიც იწვევს გულში ანომალიურ ელექტრულ აქტივობას. ლამოტრიჯინით შესაძლებელია გააქტიურდეს ელექტროკარდიოგრამაზე ანომალია, რომელიც იწვევს არითმიებს (გულის რითმის დარღვევა).
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება;
- თუ დაიწყეთ ან შეწყვიტეთ კონტრაცეფციული ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება.
ქალებში ლამიქტალის მიღების დროს ჰორმონის შემცველი კონტრაცეფციული საშუალების გამოყენებისას შესაძლებელია შემცირდეს კონტრაცეპტივის ეფექტურობა. რის გამოც შესაძლებელია განვითარდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევები, როგორიცაა მოულოდნელი ვაგინალური სისხლდენა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ლამოტრიჯინის დოზის კორექტირება.
აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ეს საკითხი გეხებათ თქვენ. ექიმმა შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატის დოზის შემცირების შესახებ ან გადაწყვიტოს, რომ ლამიქტალი არ არის თქვენთვის ვარგისი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო რეაქციების შესახებ
ლამიქტალით მკურნალობის დაწყების შემდეგ, როგორც წესი, პირველი 8 კვირის განმავლობაში ცნობილია კანზე გამონაყარის შემთხვევები. ეს გამონაყარი უმეტესად მსუბუქი და შეზღუდულია, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს სერიოზული გამონაყარი, რომლის გამოც საჭირო გახდება საავადმყოფოში დაწოლა და ლამიქტალით მკურნალობის შეწყვეტა. ესენია: სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლისმიერი რეაქციები ეოზინოფილიასა და სისტემურ სიმპტომებთან ერთად (DRESS- წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი). თქვენ უნდა იცოდეთ სიმპტომები, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს ლამიქტალის მიღებისას.
კანზე სერიოზული გამონაყარის რისკი ბავშვებში უფრო მაღალია მოზრდილებთან შედარებით. ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ზოგადად იზრდება გამონაყარის რისკი:
· ლამიქტალის მაღალი საწყისი დოზები
· ლამიქტალით მკურნალობისას რეკომენდებული დოზის მატების გადაჭარბება
· ლამიქტალთან ერთად ვალპროატის გამოყენება.
ბავშვებში გამონაყარის პირველად გამოვლენა შესაძლებელია აერიოთ ინფექციაში.
ამ სიმპტომების განმარტება იხილეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის მე-4 თავის დასაწყისში .
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH )
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლამოტრიჯინს, ცნობილია იმუნური სისტემის იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული რეაქცია. თუ ლამიქტალის მიღების დროს გექნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს :
ცხელება, გამონაყარი, ნევროლოგიური სიმპტომები (მაგალითად, კანკალი ან ტრემორი, ცნობიერების დაბინდვა, თავის ტვინის ფუნქციების დარღვევები).
თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები
ანტიეპილეფსიური პრეპარატები გამოიყენება ზოგიერთი დაავადების, მათ შორის ეპილეფსიის და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. ბიპოლარული აშლილობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები. თუ გაქვთ ბიპოლარული აშლილობა, ასეთი აზრები უფრო მეტად მოსალოდნელია შემდეგ შემთხვევებში:
· პირველად მკურნალობის დაწყებისას
· თუ ადრე გქონდათ თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები
· თუ ხართ 25 წელზე ნაკლები ასაკის.
თუ ლამიქტალის მიღების პერიოდში გექნებათ დისკომფორტის შემქმნელი აზრები ან მცდელობა, ან თავს უფრო ცუდად იგრძნობთ, ან განივთარდება ახალი სიმპტომები, რამდენადაც შესაძლებელია, უმოკლეს ვადაში მიმართეთ ექიმს ან დახმარებისთვის მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. შესაძლებელია სასარგებლო აღმოჩნდეს, ოჯახის წევრს, მომვლელს ან ახლო მეგობარს უთხრათ, რომ არსებობს დეპრესიის დაწყების ან გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი ცვლილების ალბათობა, და მათ სთხოვოთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. შესაძლებელია მათ სთხოვოთ, გაცნობონ, ხომ არ არიან შეშფოთებული თქვენი დეპრესიის ან ქცევაში რაიმე ცვლილების გამო.
მცირე რაოდენობით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას იტარებენ ანტიეპილეფსიური პრეპარატებით, როგორიცაა ლამიქტალი, ცნობილია თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები. თუ ნებისმიერ დროს გექნებათ ასეთი აზრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია აღინიშნებოდეს სიმპტომების დამძიმების, სუიციდური აზრების და ქცევების გამოვლენის და თვითდაზიანების რისკის მატება. პაციენტები, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ სუიციდური აზრები, ახალგაზრდები, ასევე პაციენტები, რომლებსაც მკურნალობის დაწყებამდე ჰქონდათ მკაფიო სუიციდური აზრები, შესაძლებელია აღმოჩნდნენ უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ამიტომაც საჭიროა ინტენსიური დაკვირვება პაციენტებზე, რომლებიც იღებენ ლამიქტალს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, შესაძლებელია გამოუვლინდეთ სხვადასხვა სიმპტომები, როგორიცაა გამონაყართან ერთად ცხელება, ლიმფადენოპათია (მდგომარეობა, რომელიც ვლინდება კისრის, იღლიის და საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდებით), სახის შეშუპება, სისხლისა და ღვიძლის დარღვევები.
გამონაყარის რისკის გამო დასაწყისში და დოზის შემდგომი გაზრდის დროს დაუშვებელია დოზის გადაჭარბება.
თუ ლამიქტალს იყენებთ ეპილეფსიის გამო:
ზოგიერთი ტიპის ეპილეფსიის დროს ლამიქტალის მიღებისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გულყრების დამძიმებას ან გახშირებას. ზოგიერთ პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს ძლიერი გულყრა, რომელიც იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. თუ ლამიქტალის გამოყენების დროს შეტევები უფრო ხშირად გაქვთ ან გადაიტანეთ მძიმე შეტევა, უმოკლეს ვადაში მიმართეთ ექიმს.
არ შეიძლება ლამიქტალის გამოყენება 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. დეპრესიის და სხვა ფსიქიკური პრობლემების მკურნალობისას გამოყენებულმა პრეპარატებმა შესაძლებელია გაზარდოს სუიციდური აზრებისა და ქცევის რისკი ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
გთხოვთ, კონსულტაციიისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ლამიქტალის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
შესაძლებელია მიღება საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა გამოიყენოთ თუ არა ლამიქტალი ორსულობის პერიოდში.
- არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენი ექიმის ინფორმირების გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გაქვთ ეპილეფსია.
- ორსულობამ შესაძლებელია შეცვალოს ლამიქტალის ეფექტურობა, რის გამოც შესაძლებელია დაგჭირდეთ სისხლის ანალიზი და ლამიქტალის დოზის რეგულირება.
- ორსულობის პირველ ტრიმესტრში ლამიქტალის მიღებამ შესაძლებელია მცირედ გაზარდოს ახალშობილთა თანდაყოლილი მანკის, მათ შორის ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის რისკი.
- თუ გეგმავთ დაორსულებას ან ორსულად ხართ, ექიმმა შესაძლებელია დამატებით გირჩიოთ ფოლიუმის მჟავას გამოყენება.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლამიქტალის აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში და შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ბავშვზე. თქვენი ექიმი შეაფასებს ლამიქტალის გამოყენების დროს ძუძუთი კვების რისკებსა და სარგებელს და, თუ გადაწყვეტთ ბავშვის ძუძუთი კვებას, ექიმი ბავშვს პერიოდულად შეამოწმებს, ხომ არ აქვს სისუსტე, გამონაყარი ან წონაში მატების დეფიციტი. თუ ბავშვს შენიშნავთ რომელიმე ამ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
ლამიქტალით მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის გაორება, ამიტომ არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება, სანამ არ დარწმუნდებით, რომ პრეპარატი არ ახდენს თქვენზე ზემოქმედებას.
თუ გაქვთ ეპილეფსია, სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლამიქტალის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებას, რომლის გამოც საჭიროა გაფრთხილება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში მიიღეთ სხვა პრეპარატი ან არსებობს სხვა პრეპარატის მიღების ალბათობა. ეს პირობა ძალაშია მცენარეულ პრეპარატებთან, ასევე რეცეპტის გარეშე გაყიდვად პრეპარატებთან დაკავშირებით.
ლამიქტალს ახასიათებს ზოგ პრეპარატთან ურთიერთქმედება ან ზრდის პაციენტებში გვერდითი რეაქციების განვითარების ალბათობას. ეს პრეპარატებია:
- ვალპროატი (ეპილეფსიის და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობა)
- კარბამაზეპინი (ეპილეფსიის და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობა)
- ფენიტოინი (ეპილეფსიის მკურნალობა)
- პრიმიდონი (ეპილეფსიის მკურნალობა)
- ფენობარბიტალი (ეპილეფსიის მკურნალობა)
- რიფამპიცინი (ინფექციების მკურნალობა)
- რისპერიდონი (ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა)
- ლოპინავირი/რიტონავირი ან ატაზანავირი და რიტონავირი (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ინფექციის მკურნალობა)
- ეთინილესტრადიოლი/ლევონორგესტრელის კომბინაცია (ჰორმონალური კონტრაცეპტივი).
თუ ეპილეფსიის მკურნალობის ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო იღებთ სხვა პრეპარატს, ეს უნდა იცოდეს თქვენმა ექიმმა, რათა დარწმუნდეს, რომ იღებთ სწორი დოზით ლამიქტალს. ეს პრეპარატებია:
- ლითიუმი (ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა)
- ბუპროპიონი (ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა ან თამბაქოსთვის თავის დანებება)
- ოლანზაპინი (ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა)
- ოქსკარბაზეპინი (ეპილეფსიის მკურნალობა)
- ფელბამატი (ეპილეფსიის მკურნალობა)
- გაბაპენტინი (ეპილეფსიის მკურნალობა)
- ლევეტირაცეტამი (ეპილეფსიის მკურნალობა)
- პრეგაბალინი (ეპილეფსიის მკურნალობა)
- ტოპირამატი (ეპილეფსიის მკურნალობა)
- ზონისამიდი (ეპილეფსიის მკურნალობა)
- არიპიპრაზოლი (ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა)
- პარაცეტამოლი (ტკივილის და ცხელების მკურნალობა)
ჰორმონალურმა კონტრაცეპტივებმა (როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები) შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ლამიქტალის მოქმედების მექანიზმზე.
შესაძლებელია ექიმმა გირჩიოთ გარკვეული ტიპის ჰორმონალური კონტრაცეპტივი ან ორსულობისგან დაცვის სხვა მეთოდი, როგორიცაა კონდომი, სარქველი, სპირალი და ა.შ. თუ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებს, შესაძლებელია ექიმმა ლამიქტალის დონის შესამოწმებლად აიღოს სისხლის ნიმუში. თუ იღებთ ან გეგმავთ ჰორმონალური კონტრაცეპტივის მიღებას, ორსულობისგან დაცვის სათანადო მეთოდი განიხილეთ თქვენს ექიმთან.
ლამიქტალმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოქმედების მექანიზმზეც, მაგრამ დაბალია ალბათობა, შეამციროს მათი ეფექტურობა. თუ იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს და შენიშნავთ მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ ცვლილებას, როგორიცაა უეცარი ვაგინალური სისხლდენა ან ციკლებს შორის გამონადენი, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს სიმპტომი შესაძლებელია მიუთითებდეს, რომ ლამიქტალი ზემოქმედებს კონტრაცეპტივების მოქმედების მექანიზმზე.
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
3. როგორ გამოიყენება ლამიქტალი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეპილეფსიის მკურნალობის დროს გამოყენება:
12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: ეპილეფსიის კონტროლის მიზნით გამოყენებული დოზაა 100 მგ-დან 700 მგ-მდე, რომელიც მიიღება დღეში ერთხელ ან ორ მიღებაზე გაყოფილი სახით. როდესაც პირველად დაიწყებთ ლამიქტალის მიღებას, თქვენი ექიმი პრეპარატს დაგინიშნავთ ამ დოზაზე ბევრად დაბალი დოზით და შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ნელ-ნელა გაზრდის დოზას.
2-12 წლის ბავშვები: დოზის გაანგარიშება ხდება სხეულის წონის მიხედვით. დოზა დამოკიდებულია პრეპარატზე, რომელიც გამოიყენება ლამიქტალთან ერთად, და მკურნალობა იწყება მინიმალური დღიური რაოდენობით 0,15-0,6 მგ/კგ, რომელიც მიიღება დღეში ერთხელ ან ორ მიღებაზე გაყოფილი სახით, შემდგომში დოზა შესაძლებელია საფეხურებრივად გაიზარდოს დღიურ რაოდენობამდე 1-15 მგ/კგ, რომელიც მიიღება დღეში ერთხელ ან 2 მიღებაზე გაყოფილი სახით.
ბავშვებში, რომელთაც აქვთ აბსანსის ტიპის გულყრა, ლამიქტალით მონოთერაპიის დროს გამოყენებული დოზაა 1 მგ/კგ-დან 10 მგ/კგ-მდე, რომელიც მიიღება დღეში ერთხელ ან ორ მიღებაზე გაყოფილი სახით.
ბიპოლარული აშლილობის მკურნალობის დროს გამოყენება:
18 წლის და მეტი ასაკის მოზრდილები: ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ გამოყენებული დოზაა 100 მგ-დან 400 მგ-მდე, რომელიც მიიღება დღეში ერთხელ ან ორ მიღებაზე გაყოფილი სახით. როდესაც პირველად დაიწყებთ ლამიქტალის მიღებას, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატს ამ დოზაზე ბევრად დაბალი დოზით და შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ნელ-ნელა გაზრდის დოზას.
- ლამიქტალი მიიღეთ ექიმის მიერ მითითებული სახით.
- ექიმის მიერ დანიშნული დოზა დამოკიდებულია იმაზე, იღებთ თუ არა სხვა პრეპარატებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ ვალპროატის შემცველ რომელიმე პრეპარატს.
- თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მიგითითებთ, რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და როდის უნდა დალიოთ ტაბლეტები.
- თუ ლამიქტალით მკურნალობის დროს განვითარდება კანზე გამონაყარი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
- ბიპოლარული აშლილობის მკურნალობისას არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენების გზა და მეთოდი:
შეგიძლიათ ლამიქტალი დაღეჭოთ, გახსნათ მცირე რაოდენობით წყალში ან მთლიანად ჩაყლაპოთ მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. აუცილებელია სითხის მთლიანად დალევა.
ბავშვებისგან დაცული ბლისტერიანი ტაბლეტის გამოყენების ინსტრუქცია:
ბავშვებისგან დაცული ბლისტერის უკანა მხარე:
მოხიეთ №1 ისრებით ნაჩვენები პერფორირებული ხაზის გასწვრივ და გამოყავით ტაბლეტის შემცველი ბლისტერის ბუდე.
ბლისტერის ბუდის ქვეშ არსებული ქაღალდი გამოწიეთ კუთხიდან, სადაც მოთავსებულია №2 ისრით ნაჩვენები ფერადი სამკუთხედი, და მოხსენით. ქაღალდის ქვეშ გამოჩნდება ალუმინის ფოლგა.
დააჭირეთ ბლისტერის ბუდეს და ამოიღეთ ტაბლეტი.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენება:
არ არსებობს ინფორმაცია 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ გამოიყენოთ ამ ასაკობრივ ჯგუფში.
ბიპოლარული აშლილობის დროს გამოყენება:
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.
ასაკოვნებში გამოყენება:
ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის არ არის საჭირო დოზის სხვაგვარად კორექტირება.
გამოყენების სპეციალურიპირობები:
გამოყენება თირკმლის უკმარისობის დროს: თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, თქვენი ექიმი პრეპარატის დოზის კორექტირებას მოახდენს დაავადების სიმძიმის მიხედვით.
გამოყენება ღვიძლის უკმარისობის დროს: თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, თქვენი ექიმი პრეპარატის დოზის კორექტირებას მოახდენს დაავადების სიმძიმის მიხედვით.
სხვა:
გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰორმონალურ კონტრაცეფციულ პრეპარატებს: თქვენი ექიმი დოზის კორექტირებას მოახდენს გამოყენებული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატის ტიპის მიხედვით.
თუ თვლით, რომ ლამიქტალის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ლამიქტალი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
საჭიროზე მეტი რაოდენობით ლამიქტალის მიღებით შესაძლებელია მეტად გაიზარდოს სერიოზული გვერდითი რეაქციების ალბათობა, რომელიც შესაძლებელია იყოს ლეტალური .
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტი რაოდენობით ლამიქტალს, მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები მოიცავს შემდეგს:
- თვალების სწრაფი, სპონტანური მოძრაობა (ნისტაგმი)
- მოუქნელობა და კოორდინაციის დარღვევა, რომელიც ზემოქმედებს წონასწორობაზე (ატაქსია)
- ცნობიერების დარღვევები ან დაკარგვა, გულყრა (კონვულსია) ან კომა
- გულის რითმის ცვლილებები (როგორც წესი, ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე)
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით ლამიქტალი, დაუყოვნებლივ დაურეკეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს. თუ შესაძლებელია, საავადმყოფოში აჩვენეთ თქვენი პრეპარატის კოლოფი.
თუ შემთხვევით ლამიქტალი მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ლამიქტალის მიღება
დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ დამატებითი ტაბლეტები. საკმარისია, მომდევნო დოზა მიიღოთ ჩვეულებრივ დროს.
თუ დაგავიწყდებათ ლამიქტალის ერთზე მეტი დოზის მიღება, მიმართეთ ექიმს რეკომენდაციისთვის, როგორ დაიწყოთ ხელახლა ლამიქტალის მიღება. ეს მნიშვნელოვანია.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დაგავიწყდებათ ერთი დოზის მიღება.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ლამიქტალით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია
ლამიქტალი უნდა მიიღოთ ექიმის მიერ რეკომენდებული ვადის განმავლობაში. ექიმის მითითების გარეშე არ შეწყვიტოთ ლამიქტალის მიღება.
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ეპილეფსიის მკურნალობა: ლამიქტალის მომენტალურად შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს ეპილეფსიური გულყრების ხელახლა დაწყება. თუ უვნებლობიდან გამომდინარე მიზეზის გამო (მაგალითად, გამონაყარი) არ არის საჭირო პრეპარატის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, თქვენი ექიმი პრეპარატის დოზას ეტაპობრივად შეამცირებს 2 კვირის განმავლობაში.
პაციენტები ბიპოლარული აშლილობით: შესაძლებელია შეწყვეტა დოზის ეტაპობრივად შემცირების გარეშე.
ლამიქტალის ეფექტის გამოვლენას შესაძლებელია დასჭირდეს გარკვეული დრო. რის გამოც შეუძლებელია, გაუმჯობესება იგრძნოთ სწრაფად. თუ ლამიქტალის მიღებას შეწყვეტთ, არ არის საჭირო დოზის ეტაპობრივად შემცირება. მაგრამ თუ გსურთ ლამიქტალის შეწყვეტა, თავდაპირველად უნდა გაესაუბროთ ექიმს.
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ლამიქტალის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ ლამიქტალის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
მცირე რაოდენობით პაციენტებს ლამიქტალის მიღებისას შესაძლებელია აღენიშნებოდეთ ალერგიული რეაქცია ან პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო კანის რეაქცია. მკურნალობის გარეშე აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს უფრო სერიოზული პრობლემები.
ამ სიმპტომების ალბათობა უფრო მაღალია ლამიქტალით მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ საწყისი დოზა ძალიან მაღალია ან დოზას გაზრდიან სწრაფად ან ლამიქტალს იღებენ სხვა პრეპარატთან - ვალპროატთან ერთად. ზოგიერთი სიმპტომი უფრო გავრცელებულია ბავშვებში. ამიტომაც მშობლები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ამ სიმპტომებს.
ქვემოთ მითითებულია ამ რეაქციების სიმპტომები:
- კანის რეაქციები, რომელმაც შესაძლებელია მიიღოს სიცოცხლისთვის სახიფათო სახე, მათ შორის, კანზე გამონაყარი ან სიწითლე; განსაკუთრებით პირის ღრუში, ცხვირში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე გავრცელებული გამონაყარი სითხით სავსე ბუშტუკების სახით და კანის აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ძლიერი აქერცვლა (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტ ფართობზე - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან კანზე გავრცელებული გამონაყარი, რომელშიც ჩართულია ღვიძლი, სისხლი ან სხვა ორგანოები (წამლისმიერი რეაქციები ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ცნობილია წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომის (DRESS) სახელითაც).
- პირის ღრუში, ყელში, ცხვირში ან სასქესო ორგანოებზე წყლული
- პირის ღრუში დაზიანება ან წითელი ან შეშუპებული თვალები (კონიუნქტივიტი)
- სახის ირგვლივ შეშუპება ან ყელზე გადიდებული ჯირკვლები
- ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები ან გაბრუება
- ყელის, იღლიისა და საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, სახის შეშუპება (ლიმფადენოპათია)
- მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა ან ცისფერი თითები (გავრცელებული ინტრავასკულური კოაგულაცია)
- ყელის ტკივილი ან ჩვეულებრივზე ხშირი ინფექცია (გაციების მსგავსი)
- სისხლის ანალიზებით ღვიძლის ფერმენტების მაღალი დონე
- გარკვეული ტიპის ლეიკოციტების (ეოზინოფილების) მატება
- ლიმფური კვანძების გადიდება
- სხეულის სხვა ორგანოების, მათ შორის ღვიძლის და თირკმელების ჩართვა.
უმეტეს შემთხვევაში ეს სიმპტომები ნაკლებად სერიოზულ გვერდით რეაქციებზე მიანიშნებს. მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ ეს გვერდითი რეაქციები პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათოა და შესაძლებელია გამოიწვიოს უფრო სერიოზული პრობლემები. თუ რომელიმე ამ სიმპტომს შენიშნავთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. ექიმმა შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება ღვიძლის, თირკმლის ან სისხლის ანალიზის ჩატარების შესახებ და მოითხოვოს ლამიქტალის გამოყენების შეწყვეტა. სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარების შემთხვევაში ექიმი გაგაფრთხილებთ, რომ თქვენთვის კატეგორიულად დაუშვებელია ლამიქტალის მიღება.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH) (იხილეთ, თავი 2: საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ლამიქტალის გამოყენებამდე)
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა. ასეთი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები საკმაოდ იშვიათია.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი:
- თავის ტკივილი
- კანზე გამონაყარი
ხშირი:
- გაღიზიანება ან აღგზნება
- ძილიანობა ან გაბრუების შეგრძნება
- თავბრუსხვევა
- კანკალი
- ძილის პრობლემა (ინსომნია)
- შფოთვის შეგრძნება
- ფაღარათი
- პირის სიმშრალე
- გულისრევა ან ღებინება
- დაღლილობის შეგრძნება
- ზურგის ან სახსრების ან სხვა მიდამოში ტკივილი
არახშირი:
- მოუქნელობა და კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია)
- მხედველობის გაორება ან მხედველობის დაბინდვა
- ძლიერი თმის ცვენა და თმების გათხელება (ალოპეცია)
- მზის ან ხელოვნური განათების ზემოქმედების შემდეგ კანზე გამონაყარი ან მზის დამწვრობა (ფოტოსენსიტიურობა)
იშვიათი:
- თვალების სწრაფი, სპონტანური მოძრაობა (ნისტაგმი)
- ასეპტიკური მენინგიტი (შეიცავს სიმპტომების გარკვეულ ჯგუფს, მათ შორის ცხელებას, გულისრევას, ღებინებას, თავის ტკივილს, კისრის გაშეშებას და მკვეთრი სინათლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობას. ვითარდება თავის და ზურგის ტვინის გარსების ანთების შედეგად. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ქრება მკურნალობის შეჩერებისას. მაგრამ თუ სიმპტომები გრძელდება ან დამძიმდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.)
- სიცოცხლისთვის სახიფათო კანის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი): (ინფორმაციისთვის იხილეთ მე-4 თავის დასაწყისი)
- თვალის ქავილი, გამონადენი ან ქუთუთოებზე ნადები (კონიუნქტივიტი)
ძალიან იშვიათი:
- სიცოცხლისთვის სახიფათო კანის რეაქციები, რომელიც ვლინდება კანის ძლიერი აქერცვლით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი): (ინფორმაციისთვის იხილეთ მე-4 თავის დასაწყისი)
- ორგანოთა მრავლობითი უკმარისობა ან სისხლის შედედების სერიოზული დარღვევები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს მოულოდნელი სისხლდენა, სისხლჩაქცევები (გავრცელებული ინტრავასკულური კოაგულაცია): (ინფორმაციისთვის იხილეთ მე-4 თავის დასაწყისი)
- სახის შეშუპება (ედემა) ან კისრის, იღლიის და საზარდულის ჯირკვლების გადიდება (ლიმფადენოპათია): (ინფორმაციისთვის იხილეთ მე-4 თავის დასაწყისი)
- ძლიერი ცხელება: (ინფორმაციისთვის იხილეთ მე-4 თავის დასაწყისი)
- ეპილეფსიით დაავადებულებში გულყრების მატება
- სხეულის უნებლიე მოძრაობა (ტიკები), კუნთების უნებლიე სპაზმები, რომელიც ზემოქმედებს თვალებზე, თავსა და სხეულზე (ქორეოატეტოზი) ან სხეულის ანომალიური მოძრაობა, როგორიცაა ტიკი, კანკალი ან გაშეშება
- წონასწორობის დარღვევის შეგრძნება
- დეზორიენტაცია (კონფუზია)
- არარსებული საგნების დანახვა ან გაგონება (ჰალუცინაცია)
- პარკინსონის დაავადების სიმპტომების დამძიმება
- მგლურას მსგავსი რეაქციები (სიმპტომები: ცხელება და ზურგის და სახსრების ტკივილი, რომელსაც ახლავს ჯანმრთელობის ზოგადი გაუარესება)
- ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი)
- ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში ცვლილება ან ღვიძლის უკმარისობა: (ინფორმაციისთვის იხილეთ მე-4 თავის დასაწყისი)
- ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია)
- თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)
- სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია)
- ძვლის ტვინის დარღვევები (აპლასტიკური ანემია)
- სისხლში ეოზინოფილების (გარკვეული ტიპის ალერგიის უჯრედი) რაოდენობის მატება (ეოზინოფილია) და წამლისმიერი რეაქცია სისტემური სიმპტომებით(DRESS): (ინფორმაციისთვის იხილეთ მე-4 თავის დასაწყისი)
- ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH) (მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც ვითარდება იმუნური სისტემის ჭარბი სტიმულაციის შედეგად და სიმპტომები თავს იჩენს სხვადასხვა სისტემებში) (იხილეთ, თავი 2: საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ლამიქტალის გამოყენებამდე).
უცნობია :
- კოშმარები
- ცნობილია ძვლებთან დაკავშირებული დარღვევები, რომელიც მოიცავს ოსტეოპენიას და ოსტეოპოროზს (ძვლის გათხელება) და მოტეხილობებს. თუ ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს იღებთ დიდი ხნის განმავლობაში და ანამნეზში გაქვთ ოსტეოპოროზი ან იღებთ სტეროიდებს, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- იმუნიტეტის დაქვეითება, გამოწვეული სისხლში ინფექციებისგან დამცავი ანტისხეულების - იმუნოგლობულინების დაბალი დონით.
- თირკმლის ანთება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი) ან თირკმლის და თვალის ანთება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტის და უვეიტის სინდრომი)
თუ გამოვლინდება რომელიმე სიმპტომი, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება:
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
5. ლამიქტალის შენახვა
ლამიქტალი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ 30 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას სინათლისგან დაცული სახით.
მიიღეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით .
არ გამოიყენოთ ლამიქტალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ასევე, იხილეთ : Lamictal DC - ლამიქტალი DC საღეჭი 50მგ 30 ტაბლეტი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account